რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ლავროვი: რეფერენდუმების შემდეგ, ანექსირებული ტერიტორიები რუსეთის სრული დაცვის ქვეშ გადავა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი 
REUTERS/Eduardo Munoz

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის თქმით, უკრაინის დროებით ოკუპირებული ტერიტორიები, სადაც ამჟამად ე.წ. რეფერენდუმები ტარდება, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შემთხვევაში მოსკოვის "სრული დაცვის" ქვეშ გადავა. ამის შესახებ რუსმა მაღალჩინოსანმა ნიუ იორკში გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"რეფერენდუმების დასრულების შემდეგ, რა თქმა უნდა, რუსეთი პატივს სცემს იმ ხალხის გამოხატვის თავისუფლებას, რომლებიც მრავალი წლის მანძილზე ნეონაცისტური რეჟიმის ზეწოლის ქვეშ ცხოვრობდნენ". - თქვა ლავროვმა. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამოიყენებს თუ არა რუსეთი უკრაინასთან ომში ბირთვულ იარაღს, ლავროვმა აღნიშნა, რომ "რუსეთის ფედერაციის ყველა კანონი, დოქტრინა, კონცეფცია თუ სტრატეგია მის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდება".

ასევე, ლავროვმა აშშ-სთან დაკავშირებულ კითხვებსაც უპასუხა. სამომავლო მოლაპარაკებებთან მიმართებით, ლავროვმა აღნიშნა, რუსეთი კონტრაქტებზე უარს არ ამბობს და სწორედ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი იყო ის, ვინც უკრაინაში შეჭრის წინა დღეს მოსკოვთან მოლაპარაკებები შეწყვიტა. ლავროვის თქმით, ბლინკენმა უკრაინის საზღვარზე რუსეთის სამხედრო ძალების მოძრაობას "დიპლომატიის გაბითურება" უწოდა. 

"ჩვენ არ ვამბობთ უარს კონტრაქტებზე და როცა ამასთან დაკავშირებით შემოთავაზებებს ვიღებთ, ჩვენ მათ ვთანხმდებით. თუ ჩვენს პარტნიორებს ჩვენთან საუბარი ჩუმად სურთ, ესეც მისაღებია, რადგან არაფერს ისევ საუბარი ჯობს. თუმცა, დღევანდელი ვითარების გათვალისწინებით, რუსეთი მოლაპარაკებებისკენ პირველ ნაბიჯს არ გადადგამს". - დასძინა ლავროვმა. 

კომენტარები