დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა კვლავ დაიძაბა. მხარეები ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანულმა ქვედანაყოფებმა გეღარქუნიკის რაიონის სოფელ კუთაკანში სომხური დასახლებების მიმართულებით ცეცხლი გახსნეს

გეღარქუნიკის გუბერნატორის, კარენ სარგისიანის ცნობით, სოფელში სიმშვიდეა და მოსახლეობის ევაკუაცია არ მომხდარა. მისივე ინფორმაციით, სოფელში ძირითადად კაცები რჩებიან, ხოლო ბავშვებმა და ქალებმა ტერიტორია 10 დღის წინ, 13 სექტემბერს დატოვეს. 

მეორე მხრივ, აზერბაიჯანმა თავისი პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნაში სომხეთი დაადანაშაულა, რასაც სომხეთის სამხედრო დეპარტამენტი დეზინფორმაციად აფასებს.  

"23 სექტემბერს, 19:30 საათიდან 23:40 საათამდე, სომხეთის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა ბასარკეჩარის რაიონის იუხარი შორჟას დასახლებისა და ჯერმუკის დასახლების მიმართულებით ჩვენს პოზიციებს ცეცხლი გაუხსნეს. 

აფეთქებისგან გამოწვეული ხანძრის შედეგად რამდენიმე სამხედრო დაშავდა, თუმცა მათ სიცოცხლეს ამჟამად საფრთხე არ ემუქრება. 

მომხდარზე მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება სომხეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელიც მიზანმიმართულად ამძაფრებს სიტუაციას". - წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. 

აქამდე, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 22 სექტემბრის 23:45-დან 23 სექტემბრის 08:30-მდე სომხეთის შეიარაღებული ძალები ხსნიდნენ ცეცხლს რამდენიმე აზერბაიჯანული დასახლების მიმართულებით. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მათ საპასუხო ზომები მიიღეს. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში კი ავრცელებენ ცნობას, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 07:40-ზე დაარღვიეს. 

15 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სომხეთმა აზერბაიჯანთან ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწია. 14 სექტემბრის 20:00-დან სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სიმშვიდეა.

სომხეთი-აზერბაიჯანის საზღვარზე ინტენსიური ბრძოლები 13 სექტემბრის, დაახლოებით, 00:05-ზე დაიწყო. აზერბაიჯანი სომხეთს მასშტაბური დივერსიებისა და პროვოკაციების მოწყობაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ მოქმედება ამ ყველაფრის პასუხად დაიწყეს. 

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებებეის შემდეგ სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ბაზებზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ. სამინისტრო პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

სომხური მხარის ინფორმაციით, აზერბაიჯანი იყენებდა როგორც არტილერიას, ისე უპილოტო საფრენ აპარატებს. 

აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის დასახლებებზე. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალები 11 სექტემბერს, საზღვარზე, ლაჩინისა და გადაბეის რაიონებში განლაგებულ აზერბაიჯანულ სამხედრო ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანს კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ შენაერთებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

მსგავსი ბრალდებები 11 სექტემბრამდე 3-4 სექტემბერსაც გავრცელდა. მაშინ აზერბაიჯანი სომხეთს ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებდა, ერევანი კი უარყოფდა. 6 სექტემბერს კი, სომხურმა მხარემ აზერბაიჯანი ცეცხლის გასხსნასა და 1 სამხედროს მოკვლაში დაადანაშაულა, რაც ბაქოში უარყვეს.

კომენტარები