რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: EU უნდა შეეშვას სანქციების მე-8 პაკეტის ხსენებას

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, პეტერ სიატროს თქმით, ევროკავშირი უნდა შეეშვას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე საუბარს, რათა ენერგოკრიზისი კიდევ უფრო არ გამწვავდეს.

"ევროკავშირი უნდა შეეშვას სანქციების მე-8 პაკეტის ხსენებას, უნდა შეეშვას იმ ზომების აფიშირებას, რომლებიც მხოლოდ გააღრმავებს ენერგეტიკის კრიზისს". – თქვა სიატრომ.

16 სექტემბერს ევროპარლამენტმა 433 ხმით 123-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც პარლამენტი უნგრეთში იმ ღირებულებათა რღვევის გამო, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული, ქვეყნისთვის დაფინანსების შეჩერების რეკომენდაციას გასცემს.

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის რეკომენდაციას უნგრეთისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მოსაწყენი ხუმრობა უწოდა

18 სექტემბერს ევროკომისიამ უნგრეთისთვის დაახლოებით 7.5 მილიარდის ღირებულების დაფინანსების შეჩერების რეკომენდაცია გასცა. ამის მიზეზად ქვეყანაში არსებულ მზარდ კორუფციასა და კანონის უზენაესობის რღვევას ასახელებენ.

ევროკავშირმა ახალი ფინანსური სანქცია 2 წლის წინ, 27-ქვეყნიან ბლოკში დემოკრატიული პრინციპების დასაცავად შემოიღო. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი თავის მიერ შემუშავებულ ახალ ფინანსურ სანქციას უნგრეთის წინააღმდეგ დააწესებს.

ამის შემდეგ, უნგრეთის განვითარების მინისტრის, ტიბორ ნავრაჩიჩის თქმით, უნგრეთი პირობას დებს, რომ დაფინანსების შესანარჩუნებლად, ევროკომისიის წინაშე ნაკისრ ყველა ვალდებულებას შეასრულებს.

ნავრაჩიჩი, რომელიც ევროკავშირთან მოლაპარაკეკებზეა პასუხისმგებელი, იმედოვნებს, რომ უნგრეთის მიერ ევროკომისიის დასარწმუნებლად მიღებული ზომები და გარანტიები საკმარისი იქნება EU-ს დაფინანსების შეზღუდვის შესაჩერებლად. 

კომენტარები