უნგრეთი

ორბანი: უნგრეთისთვის დაფინანსების შეწყვეტის ინიციატივა მოსაწყენი ხუმრობაა

უნგრეთის პრემიერმინისტრი, ვიქტორ ორბანი

უნგრეთის პრემიერმინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ევროპარლამენტის რეკომენდაციას უნგრეთისთვის დაფინანსების შეწყვეტის შესახებ მოსაწყენი ხუმრობა უწოდა

ევროპარლამენტის კანონმდებლების უმრავლესობა თვლის, რომ უნგრეთში ორბანის მმართველობიდან დღემდე დემოკრატია მნიშვნელოვნად დაზიანდა.  

"რაც შეეხება ევროპარლამენტის გადაწყვეტილებას, ვფიქრობთ, ეს ხუმრობის სფეროა, თუმცა, ჩვენ არ ვიცინით, რადგან ეს მოსაწყენი ხუმრობაა. ისინი [ევროპარლამენტის წევრები] ამას გასართობად აკეთებენ, ჩვენ მათ ყურადღებას არ ვაქცევთ". - თქვა ორბანმა. 

დღეს, 16 სექტემბერს ევროპარლამენტმა 433 ხმით 123-ის წინააღმდეგ, მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელშიც პარლამენტი უნგრეთში იმ ღირებულებათა რღვევის გამო, რომელზეც ევროკავშირია დაფუძნებული, ქვეყნისთვის დაფინანსების შეჩერების რეკომენდაციას გასცემს.

გავრცელებული ინფორმაციით, 18 სექტემბერს ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უნგრეთისთვის გარკვეული დაფინანსების შეჩერებას, რომელიც ამჟამად ბლოკის 2021-2017 წლების საერთო ბიუჯეტითაა გათვალისწინებული. ამის მიზეზად უნგრეთში კანონის უზენაესობის პრინციპის რღვევას ასახელებენ. 

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ევროკავშირი თავის მიერ შემუშავებულ ახალ ფინანსურ სანქციას დააწესებს, რომელიც მიზნად 27-ქვეყნიან ბლოკში დემოკრატიული პრინციპების დაცვას ისახავს. 

ერთ-ერთი ანონიმური წყაროს თქმით, უნგრეთისთვის გამოყოფილი 22.5 მილიარდი ევრო შესაძლოა 70%-ით შემცირდეს, თუმცა არცერთი მაღალჩინოსანი ზუსტ თანხას არ ასახელებს. 

კომენტარები