კინოფესტივალი

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების კინოფესტივალი 24 სექტემბერს გაიხსნება

ქუთაისი მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი 24 სექტემბერს, 18:00 საათზე კინოთეატრ საქართველოში მიხეილ კობახიძის ცნობილი მოკლემეტრაჟიანი ფილმით, ქორწილით გაიხსნება.

ფესტივალი 6 დღის განმავლობაში, კინოთეატრ საქართველოში ფართო აუდიტორიას შესთავაზებს მრავალფეროვან პროგრამას. ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება როგორც თანამედროვე ავტორების ახალი ნამუშევრები ისე რეტროსპექტული ფილმები, ასევე გაიმართება მასტერკლასები.

საკონკურსო პროგრამის მოკლემეტრაჟიან მხატვრულ ფილმებს შეაფასებენ ჟიურის წევრები: ნანა ჯორჯაძე, ალექსანდრე კობერიძე, კატია კრაუსოვა, გალინა სულიმა, ედვინას პუკშტა. გამარჯვებულს გადაეცემა ფესტივალის პრიზი – ოქროს დინოზავრი. 

ფესტივალზე ასევე იმუშავებს კინოკრიტიკოსთა ჟიური: ლელა ოჩიაური, თეო ხატიაშვილი და ბასტი მგალობლიშვილი, რომლებიც თავიანთ რჩეულ ნამუშევარს გადასცემენ მიხეილ კობახიძის სახელობის ჯილდოს.

ქუთაისის კინოფესტივალის სპეციალური სტუმარი იქნება ბერძნული წარმოშობის ამერიკელი კინოოპერატორი და რეჟისორი ფედონ პაპამაიკლი. ფესტივალის ფარგლების შედგება მისი მოკლემეტრაჟიანი ფილმის მშვენიერი დღე ქართული პრემიერა და შეხვედრა-სემინარი ავტორთან.

ფესტივალის წლევანდელი ფოკუს ქვეყანა არის უკრაინა. უკრაინული კულტურის განვითარებისა და მხარდაჭერის საერთაშორისო ფონდისა და ფრანგულ-უკრაინული ახალაგაზრდული კინოფესტივალის MICT-ის მხარდაჭერით ნაჩვენები იქნება თანამედროვე უკრაინული მოკლემეტრაჟიანი ფილმები.

ქუთაისის საერთაშორისო მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი 29 სექტემბერს დასრულდება. 

 

კომენტარები