რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

EU-ში კონსენსუსამდე ფინეთი რუს ტურისტებზე ვიზების გაცემის სრულად აკრძალვისგან თავს იკავებს

ფინეთის პრემიერმინისტრი, სანა მარინი

დღეიდან, 19 სექტემბრიდან ბალტიის ქვეყნები და პოლონეთი რუსი ტურისტებისთვის საზღვარს კეტავენ, ხოლო ერთადერთ ქვეყნად, რომელიც რუსეთს ევროპასთან დააკავშირებს, ფინეთი რჩება. დასავლელი მაღალჩინოსნები ვარაუდობენ, რომ რუსეთიდან ფინეთისკენ რუსეთის მოქალაქეების მიგრაცია გაიზრდება

სამხრეთ-აღმოსავლეთ ფინეთის მესაზღვრეების გენერალურმა დირექტორმა, ტანელი რეპომ საინფორმაციო სააგენტო STT-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ რუსეთიდან სასაზღვრო მიმოსვლის ზრდა მოსალოდნელი არ არის, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი პერსონალის მობილიზებას შეძლებენ. 

სექტემბრის დასაწყისში ფინეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ტურისტული ვიზების გაცემა მნიშვნელოვნად შეზღუდა, მაგრამ განსხვავებით ბალტიის ქვეყნებისა და პოლონეთისა, სრულად არ შეუწყვიტავს.

ფინეთის პრემიერმინისტრმა, სანა მარინმა კითხვაზე, თუ რატომ არ კეტავს ფინეთი სრულად საზღვარს რუსი მოქალაქეებისთვის, თქვა, რომ ფინეთი ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებას ელოდება. მარინის თქმით, ქვეყანა იმედოვნებს, რომ EU-ში ამ საკითხის ირგვლივ კონსენსუსი შედგება. 

მარინმა ასევე აღნიშნა, რომ ფინეთს მთავრობამ უკვე მიიღო გადაწყვეტილება, თუ როგორ შეანელოს და შეამციროს რუს ტურისტებზე ვიზების გაცემის პროცესი იქამდე, სანამ ამ საკითხზე ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდებიან. 

8 სექტემბერს ესტონეთმა, ლატვიამ, ლიტვამ და პოლონეთმა ერთობლივად განაცხადეს, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვარს შენგენის მთელ ზონაში ჩაკეტავენ. ევროპის ქვეყნების მაღალჩინოსნების მტკიცებით, რუსეთის მოქალაქეებს შორის შესაძლოა იყვნენ ადამიანები, რომლებიც ქვეყნების უსაფრთხოებას ძირს გამოუთხრიან. 

გარდა ამისა, ოთხი ქვეყნის მთავრობის მეთაურების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროპის გარე საზღვრის კონტროლი მოითხოვს მნიშვნელოვან რესურსებს. ასევე, ისინი მიიჩნევენ, რომ აგრესორი სახელმწიფოს მოქალაქეებს ევროპაში თავისუფლად გადაადგილება მორალურად არასწორია. 

კომენტარები