დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

ყირგიზი სამხედროები მისიაზე, ყირგიზეთი, 2010 წლის 29 ივნისი
Reuters

ყირგიზეთი და ტაჯიკეთი ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, ადგილობრივი დროით 16:00-ზე. 

16 სექტემბერს ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარზე შეტაკებები განახლდა. ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურში აცხადებდნენ, რომ ტაჯიკები ყირგიზეთის საგუშაგოებს მთელი სასაზღვრო პერიმეტრის გასწვრივ თავს ესხმოდნენ. შეტაკებებში იყენებდნენ საარტილერიო დანადგარებსაც.

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია ხელახლა 14 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებს შორის სროლა სამ რეგიონში, მათ შორის ტაჯიკეთის ანკლავ ვორუხის საზღვარზეც მიმდინარეობდა. ტაჯიკეთის ინფორმაციით, შეტაკებებს მათი ერთი სამხედრო ემსხვერპლა. 

ყირგიზეთის ინფორმაციით, 14 სექტემბრის შეტაკება იმიტომ დაიწყო, რომ ტაჯიკი მესაზღვრეების დანაყოფმა სასაზღვრო მონაკვეთზე საბრძოლო პოზიციები დაიკავა.

ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის მსგავსი დაპირისპირებები იშვიათი შემთხვევა არაა, რადგან ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის საზღვრების დემარკაცია ცუდად არის ჩატარებული. გასულ წელს მსგავსი დაძაბულობა თითქმის სრულმასშტაბიან ომშიც კი გადაიზარდა.

როგორც ყირგიზეთი, ისე ტაჯიკეთი რუსეთის მოკავშირეები არიან. ორივე ქვეყანაში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზები.

კომენტარები