დაძაბულობა ყირგიზეთ-ტაჯიკეთის საზღვარზე

ყირგიზეთი: ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვრის მთელ პერიმეტრზე შეტაკებები მიმდინარეობს

ყირგიზი მესაზღვრეები

ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის სასაზღვრო სამსახურში აცხადებენ, რომ ტაჯიკები ყირგიზეთის საგუშაგოებს მთელი სასაზღვრო პერიმეტრის გასწვრივ თავს ესხმიან

ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახური ტაჯიკეთს აქამდე დადებული შეთანხმებების დარღვევაში ადანაშაულებს.

ყირგიზეთის სასაზღვრო სამსახურის ინფორმაციით, 16 სექტემბერს, ადგილობრივი დროით 06:30-ზე ტაჯიკეთის მხრიდან კოკ-ტაშის გამშვები პუნქტის საარტილერიო ცეცხლით დაბომბვა დაიწყო. ამას მოჰყვა იერიშები სამარყანდეკსა და პასკი-არიკის მიდამოებზე. საპასუხო ცეცხლი გახსნეს ყირგიზებმა.

ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ყირგიზი მესაზღვრეები არღვევენ შეთანხმებას, ქვეყნის ერთ-ერთ სასაზღვრო პუნქტთან.

08:25 საათისთვის, როგორც ყირგიზეთის სასაზღვრო უწყებაში გამოაცხადეს, ვითარება დაძაბული რჩებოდა. 

ყირგიზეთის ცნობით, 08:25 საათისთვის, ტაჯიკებმა საარტილერიო ცეცხლი გახსნეს ლეილეკის რაიონის კულუნის, მაკსატისა და ჟანია-ჟერის რეგიონების მიმართულებითაც, რასაც ყირგიზი მესაზღვრეების პასუხი მოჰყვა.

პარალელურად, ყირგიზეთის პრეზიდენტი, სადირ ჯაფაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი, ემომალი რაჰმონი უზბეკეთში გამართულ რეგიონული უსაფრთხოების სამიტზე იმყოფებიან.

ყირგიზეთი-ტაჯიკეთის საზღვარზე სიტუაცია ხელახლა 14 სექტემბერს დაიძაბა. მხარეებს შორის სროლა სამ რეგიონში, მათ შორის ტაჯიკეთის ანკლავ ვორუხის საზღვარზეც მიმდინარეობდა. ტაჯიკეთის ინფორმაციით, შეტაკებებს მათი ერთი სამხედრო ემსხვერპლა. 

ყირგიზეთის ინფორმაციით, 14 სექტემბრის შეტაკება იმიტომ დაიწყო, რომ ტაჯიკი მესაზღვრეების დანაყოფმა სასაზღვრო მონაკვეთზე საბრძოლო პოზიციები დაიკავა.

ტაჯიკეთსა და ყირგიზეთს შორის მსგავსი დაპირისპირებები იშვიათი შემთხვევა არაა, რადგან ორი პოსტსაბჭოთა ქვეყნის საზღვრების დემარკაცია ცუდად არის ჩატარებული. გასულ წელს მსგავსი დაძაბულობა თითქმის სრულმასშტაბიან ომშიც კი გადაიზარდა.

როგორც ყირგიზეთი, ისე ტაჯიკეთი რუსეთის მოკავშირეები არიან. ორივე ქვეყანაში განთავსებულია რუსული სამხედრო ბაზები.

კომენტარები