თბილისის მერია

60 წელს ზემოთ პირებისთვის აუზებსა და ფიტნეს დარბაზებში რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, 60 წელს ზემოთ პირებისთვის საცურაო აუზების და ფიტნეს დარბაზებით სარგებლობისთვის რეგისტრაცია 19 სექტემბერს დაიწყება, სერვისით სარგებლობა კი 3 ოქტომბრიდან იქნება შესაძლებელი. პროგრამას თბილისის მერია აფინანსებს.

კალაძის განმარტებით, პროგრამა საპილოტე რეჟიმშია და პირველ ეტაპზე 2023 წლის პირველ იანვრამდე მასში ორი მუნიციპალური სპორტული ცენტრი ჩაერთვება.

"ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია არამხოლოდ ახალგაზრდების, არამედ ყველა ასაკის ადამიანისთვის არის მნიშვნელოვანი. შესაბამისად, პროგრამა, რომელიც ჩვენ დავაანონსეთ, ითვალისწინებს, რომ თბილისში რეგისტრირებულ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა, მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში არსებული ინფრასტრუქტურა – საცურაო აუზები და ფიტნეს ზონები უფასოდ გამოიყენონ. პროგრამა, პირველ ეტაპზე, 2023 წლის პირველ იანვრამდე, საპილოტე რეჟიმში განხორციელდება ორ მუნიციპალურ სპორტულ ცენტრში – ნაძალადევის კომპლექსურ სპორტულ ცენტრში და გლდანის სპორტულ კომპლექსში, ხოლო შემდგომ, ეტაპობრივად ჩაერთვება ყველა მუნიციპალური სპორტული ობიექტი და აგრეთვე კერძო ობიექტები". – თქვა კახა კალაძემ.

მერის თქმით, პროგრამის ფარგლებში, მომსახურების მიღება შესაძლებელია 11:00-დან 14:00 საათამდე პერიოდში.

თბილისის მერიის განცხადებით, პროგრამასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციისთვის უნდა დარეკოთ ნომერზე: 032 2 24 03 04.

კომენტარები