პენტაგონის სპიკერის, პეტ რაიდერის თქმით, უკრაინის კონტრშეტევით მიღწეული წარმატება სიურპრიზი მხოლოდ რუსეთისთვის აღმოჩნდა.
"რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღიდან, ჩვენ ვიხილეთ უკრაინელების გამაოგნებელი ადაპტაციისა და საბრძოლო შესაძლებლობების ეფექტიანად გამოყენების უნარები. შესაბამისად, ჩვენთვის გასაკვირი არ არის, რომ ისინი ამ სისწრაფით მოქმედებენ". - თქვა რაიდერმა.
13 სექტემბერს გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელმა მებრძოლებმა ხარკოვის ოლქში ოკუპანტებისგან 300-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს.
"ხარკოვის ოლქის გათავისუფლება რამდენიმე დღე გაგრძელდა, როგორც დაგეგმილი იყო. 6 სექტემბრიდან დღემდე ოკუპაციისგან გათავისუფლდა 3 800 კვ. კმ. 3 000-ზე მეტი დასახლება და, დაახლოებით, ჩვენი 150 000 მოქალაქე. ისინი, ფაქტობრივად, მძევლები იყვნენ" - თქვა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა.
ბოლო რამდენიმე დღეა, უკრაინულმა ძალებმა რუსი სამხედროების წინააღმდეგ ხარკოვში დიდი კონტრშეტევა წამოიწყეს.
უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.
მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთანავე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.
უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)
