დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ფაშინიანი პუტინს ტელეფონით ესაუბრა

სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს ესაუბრა. ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას სომხეთის პრემიერმინისტრის პრესსამსახური ავრცელებს

პრესსამსახურის ცნობით, ფაშინიანმა პუტინს ვითარება დეტალურად გააცნო და აზერბაიჯანული მხარის აგრესიული ქმედებები დაგმო, რომელიც პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთს აკისრებს. ასევე, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ახლა საერთაშორისო საზოგადოების ადეკვატური რეაქცია.

სომხური მედიის ცნობით, სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი მთავრობის სახლში მივიდა, სადაც უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთელი საზღვრის გაყოლებაზე მძიმე ბრძოლები დაიწყო. აზერბაიჯანი საზღვარზე სომხურ პოზიციებს ინტენსიურად ბომბავს.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 13 სექტემბერს, 00:05 საათზე, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა გორისის, სოტკისა და ჯერმუკის მიმართულებით ცეცხლი გახსნეს. ასევე, გამოყენებულ იქნა უპილოტო საფრენი აპარატები.

სომხური მედიის ცნობით, აზერბაიჯანი სომხეთის ქალაქების, კერძოდ ვარდენისის, გორისის, კაპანისა და ჯერმუკის მიმდებარე ტერიტორიებზე დარტყმებს ახორციელებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ ბაზებზე სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა იერიში მიიტანეს დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით. მათივე მტკიცებით, სომხური დივერსიული ჯგუფები აზერბაიჯანული ბაზების მაკავშირებელ გზებს ნაღმავდნენ. სამინისტრო პროვოკაციაზე, დაპირისპირებასა და დანაკარგებზე სრულ პასუხისმგებლობას სომხეთის სამხედრო და პოლიტიკურ ხელმძღვანელობას აკისრებს.

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ სომხეთის შეიარაღებული ძალები 11 სექტემბერს, საზღვარზე, ლაჩინისა და გადაბეის რაიონებში განლაგებულ აზერბაიჯანულ სამხედრო ნაწილებისთვის ცეცხლის გახსნაში დაადანაშაულა. საპასუხოდ, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ აზერბაიჯანს კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ მათ შენაერთებს ცეცხლი არ გაუხსნიათ.

აქამდე, 31 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი სამშვიდობო ფორმატის ფარგლებში შეხვდნენ. ამ ფორმატის მოლაპარაკებები მომავალშიც გაგრძელდება.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ვითარება ხელახლა აგვისტოს დასაწყისში დაიძაბა.

3 აგვისტოს აზერბაიჯანმა ლაჩინის მიმართულებით ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ "კონტრტერორისტული ოპერაცია" ჩაატარა.

ამავე დღეებში, ვითარების დაძაბვის ფონზე, სეპარატისტულმა ე.წ. მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანი ყარაბღსა და სომხეთს შორის ახალი მარშრუტით გაადგილების ორგანიზებას მოითხოვდა.

12 აგვისტოს ილჰამ ალიევი ითხოვდა, რომ ლაჩინი, ზაბუჰო და სუსი "უკანონოდ ჩასახლებულ" ხალხს თავისი ნებით დაეტოვებინა და აქ აზერბაიჯანელები დასახლებულიყვნენ.

26 აგვისტოს ილჰამ ალიევმა გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა კონტროლი აღადგინეს ქალაქ ლაჩინზე. 

ლაჩინის დერეფანი, რომელსაც რუსი სამშვიდობოები აკონტროლებდნენ, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის ერთადერთ მაკავშირებლად რჩებოდა. 

ლაჩინს 1992 წლიდან ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის მთავრობის კონტროლქვეშ იყო.

კომენტარები