ხარკოვის ოლქის გუბერნატორის, იგორ ტერეხოვის თქმით, ხარკოვში, ფრონტის რამდენიმე მონაკვეთზე უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის საზღვრამდე მიაღწიეს. განცხადებაში მას კონკრეტული ტერიტორიები არ დაუსახელებია.
ასევე, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სპიკერის თქმით, ოკუპანტები უკრაინელებს მასობრივად ნებდებიან და თავს დამარცხებულად აცხადებენ. მაღალჩინოსნის თქმით, ამ ნაბიჯით "თავიანთ უიმედო მდგომარეობას იაზრებენ".
უკრაინის შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსი სამხედროებისგან გათავისუფლებულ რაიონებში განაღმვის ოპერაციები მიმდინარეობს. ასევე, უკრაინელები გაქცეულ რუს ჯარისკაცებს ეძებენ.
რამდენიმე საათის წინ უკრაინის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა ხერსონის ოლქში სოფელი ბილოჰირკა, მიროლიუბივკა და სუხი სტავოკი ოკუპანტებისგან გაათავისუფლეს.
გენშტაბის ინფორმაციით, მიუხედავად წინსვლისა, ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბას აგრძელებენ. ხარკოვის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და თბოელექტროსადგურის დაბომვის გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალმომარაგება კვლავ არ მიეწოდება.
უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.
ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, რაც აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია.




![ზარქუა გახარიას პარტიის საჩივარზე: დავფიქრდებოდი, ემანდ სხვანაირი [შედეგი] არ დადგეს](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/06/befunky-collage-39.jpg?h=153c28c1&itok=8DxHMFOe)
