რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

ISW: უკრაინის მიერ ხარკოვის თითქმის მთლიანად დაბრუნება რუსეთისთვის დიდი ოპერატიული მარცხია

უკრაინელი სამხედროები დონეცკის ოლქში, ფრონტის ხაზზე, 2022 წლის 20 ივლისი.
ANATOLII STEPANOV/AFP VIA GETTY IMAGES

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალების მიერ ხარკოვის ოლქის ქალაქ იზიუმის დაბრუნებამ ბოლო მოუღო პერსპექტივას, რომ რუსეთი დონეცკისისა და ლუგანსკის ოლქებზე სრული კონტროლის დამყარებას შეძლებს.

ანგარიშის მიხედვით, უკრაინის სამხედრო ძალების სწრაფი კონტრშეტევის შედეგად ხარკოვის ოლქის თითქმის მთლიანად დაბრუნება რუსეთისთვის დიდი ოპერატიული მარცხია. ISW-ს შეფასებით, უკრაინის წარმატება კარგად დაგეგმვის, განხორციელების და დასავლური შეიარაღების, მათ შორის ამერიკული სარაკეტო სისტემების HIMARS-ის სწორად გამოყენების შედეგია.

უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, რაც  აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. 

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

მიმოხილვის მიხედვით, მოულოდნელი სისწრაფით წარმართული უკრაინის კონტრიერიშის შედეგად რუსების ჩრდილოეთ დონბასის დაჯგუფება კოლაფსს განიცდის. ამასთაანვე, რუსი სამხედროები ვერ ახერხებენ ქალაქ იზუმიდან ორგანიზებულად უკან დახევას.

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

კომენტარები