რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინა: ხარკოვის ოლქში 40-ზე მეტი დასახლება ოკუპანტებისგან გავათავისუფლეთ

ხარკოვის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, რომან სემენუხას თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვში 40-ზე მეტი დასახლება გაათავისუფლეს

"ჩვენ ოფიციალურად შეგვიძლია დავადასტუროთ, რომ ოკუპანტებისგან 40-ზე მეტი დასახლებაა გათავისუფლებული. სიტუაცია წარმოუდგენლად სწრაფად იცვლება". - თქვა სემენუხამ. 

სემენუხას თქმით, 40 გათავისუფლებულ დასახლებაში იგულისხმება ის ტერიტორიები, რომლებიც სრულად უკრაინის მიერაა კონტროლირებადი, თუმცა 40-ზე გაცილებით მეტია ისეთი, სადაც უკრაინის დროშა აღიმართა. 
 
"სიტუაცია დიმანიკურად პოზიტიურია, ცალსახაა, რომ ვითარება იცვლება". - ამბობს სემენუხა. 

სემენუხამ აღნიშნა ისიც, რომ არასწორია ის აზრი, თითქოს ოკუპანტები ფრონტის ხაზს უბრალოდ ტოვებენ. მისი თქმით, ბევრ რაიონში სასტიკი ბრძოლები გაიმართა. 

"ფრონტზე, ბევრ რაიონში სასტიკი, სასტიკი ბრძოლებია და ეს ყველაფერი ძალიან, ძალიან რთულია. თუმცა, თუ სამხედრო კომპონენტზე ვსაუბრობთ, მაშინ უბრალოდ მოთმინება უნდა ვიქონიოთ". - დასძინა სემენუხამ. 

უკრაინამ ბოლო დღეებში ხარკოვის რეგიონში განხორციელებული დიდი კონტრშეტევის შედეგად დაიბრუნა კონტროლი ორ მთავარ ქალაქზე კუპიანსკისა და იზუმზე. რუსეთი ბალაკლიასა და იზიუმიდან უკან დახევას ადასტურებს. უკრაინული მედია Unian-ი თავდაცვის ძალების პრესცენტრის ხელმძღვანელ ნატალია გუმენიუკზე დაყრდნობით წერს, რომ სამხრეთით კონტრშეტევის შედეგად უკრაინელი მებრძოლები ათობით კილომეტრით დაწინაურდნენ.

ომის კვლევის ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, უკრაინულმა ძალებმა 6 სექტემბრიდან, ბოლო ხუთ დღეში ფრონტი დაახლოებით 70 კილომეტრით გაარღვია და 3 000 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია დაიკავა, რაც  აპრილიდან მოყოლებული ყველა ოპერაციის შედეგად რუსი სამხედროების მიერ ოკუპირებული ტერიტორიებზე მეტია. 

უკრაინული ძალები ხარკოვის ოლქში რუსეთის ჩრდილოეთ დონბასის ღერძს ანადგურებენ. კვლევის თანახმად, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს პოზიციებს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანში და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში.

კომენტარები