ივანიშვილის დეპუტატები

დეპუტატები: აშშ-ს საელჩოს ძალისხმევა კანონის უზენაესობის წინააღმდეგაა მიმართული

ივანიშვილის დეპუტატები - სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი ფარულ საგამოძიემო მოქმედებებთან დაკავშირებულ კანონზე აშშ-ს საელჩოს განცხადებას ეხმაურებიან.   

დეპუტატები ამტკიცებენ, რომ კანონი ევროპულ სტანდარტებთან სრულ შესაბამისობაშია და საელჩო "დეზინფორმაციას მიზანმიმართულად ავრცელებს". მათივე განცხადების მიხედვით, გასული წლების განმავლობაში გამოჩნდა, რომ "საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული". 

ივანიშვილის დეპუტატები წერენ, რომ "სამართალდამცავი სტრუქტურების მოშლის მცდელობის განსაკუთრებით მძიმე გამოვლინება" ექსპრემიერის, გიორგი გახარიას ინიციატივით კლუბ ბასიანში სპეცრაზმის შესვლა იყო. დეპუტატები ამტკიცებენ, რომ გადაწყვეტილებას გუნდში კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით თბილისის მერისგან, კახა კალაძისგან. მათივე სიტყვებით, სპეცოპერაცია ახალგაზრდებში პოლიციის იმიჯის შელახვის მიზანს ემსახურებოდა - ივანიშვილის დეპუტატების მტკიცებით, ამ მიზნისთვის ცატარდა პანკისის სპეცოპერაცია და გავრილოვის ღამეც.  

განცხადებაში ასევე ვკითხულობთ, რომ სამართალდამცავი ორგანოების დასუსტების მთავარი მიზანი "კრიმინალების მიერ რევოლუციის მოწყობის" გაადვილება, მათი ხელისუფლებაში დაბრუნება და "საქართველოს ომში ჩართვაა", ამიტომ, ივანიშვილის დეპუტატები წერენ, კანონის უზენაესობის დაცვასა და კრიმინალთან ბრძოლაში ხელისუფლება უკომპრომისო უნდა იყოს, "როგორც არ უნდა სცადოს საელჩომ მოვლენების საპირისპირო მიმართულებით განვითარება". 

განცხადებას სრულად გთავაზობთ: 

გვსურს, გამოვეხმაუროთ ამერიკის საელჩოს განცხადებას ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული კანონის შესახებ. როგორც ცნობილია, საელჩომ განაცხადა, რომ აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს და პარლამენტმა იგი საქართველოს მოქალაქეების კონტროლის მიზნით მიიღო.

ვინც თუნდაც ზედაპირულად გაეცნობა საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს და საერთაშორისო პრაქტიკას, მიხვდება, რომ კანონი სრულ შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და მოქალაქეების კონტროლის სურვილთან მას არაფერი აქვს საერთო. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ვერც პრეზიდენტმა და ვერც ვენეციის კომისიამ კანონზე ერთი სამართლებრივი შენიშვნაც კი ვერ წარმოადგინეს. ასეთ პირობებში, აშკარაა, რომ საელჩო მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას, რასაც რადიკალური ოპოზიცია პოლარიზაციის ხელოვნურად გაღრმავებისთვის იყენებს. თუმცა, აქ ესეც არაა მთავარი.

საელჩოს უსაფუძვლო თავდასხმა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ კანონზე შემთხვევითი სულაც არ არის.

გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მკაფიოდ იკვეთება, რომ საელჩოს განსაკუთრებული ძალისხმევა საქართველოს სამართალდამცავი სტრუქტურებისა და კანონის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული. ამის გამოხატულება იყო გამუდმებული თავდასხმები სასამართლოსა და პროკურატურაზე, "ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" შეტანილი ცვლილებების სრულიად უსაფუძვლო კრიტიკა, უგულავას, მელიას, რურუას და სხვა კრიმინალების განთავისუფლების დაჟინებული მოთხოვნა და ა.შ. საქართველოში სამართალდამცავი სტრუქტურების მოშლის მცდელობის განსაკუთრებით მძიმე გამოვლინება იყო გიორგი გახარიას ხელით ორგანიზებული სპეცოპერაციები, რომლებიც პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი იმიჯის შელახვას ისახავდა მიზნად.

გახარიას "ბასიანში" შესვლას თავის დროზე გუნდშიც სერიოზული კრიტიკა მოჰყვა, განსაკუთრებით კახა კალაძის მხრიდან, რომელიც თავის სამართლიან აღშფოთებას ყველაიზე აქტიურად გამოხატავდა. რაც თავიდან ავანტიურისტული შეცდომა გვეგონა, სრულიად შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა. როგორც ჩანს, "ბასიანში" შესვლის მთავარი მიზანი ახალგაზრდებში პოლიციის იმიჯის შელახვა და პოლიციელების მიმართ აგრესიის გაჩენა იყო და ეს დავალება გახარიამ პირნათლად შეასრულა.

პოლიციის იმიჯის შესალახად და დასაკნინებლად ჩატარდა პანკისის სპეცოპერაციაც, სადაც გახარიამ სპეცრაზმი არასწორ დროს შეიყვანა და არასწორი დავალებებით ამოქმედა. ყველას კარგად გვახსოვს უმძიმესი სურათი მძიმედ დაშავებული პოლიციელებითა და განადგურებული სპეცტექნიკით. რაც შეცდომა გვეგონა, ამ შემთხვევაშიც შეგნებული დანაშაული აღმოჩნდა, რომელიც ასევე პოლიციის სისუსტის ხელოვნურად წარმოჩენასა და მისი რეპუტაციის შელახვას ემსახურებოდა.

რატომ ასროლინა გახარიამ დამიზნებით რეზინის ტყვიები ჟურნალისტებზე და შტურმიდან მოშორებით მყოფ ადამიანებზე, ეს ცალკე განხილვას საჭიროებს. რა თქმა უნდა, მიზანი აქაც პოლიციის იმიჯის დაზიანება და მის მიმართ მოსახლეობაში აგრესიის გაჩენა იყო. საბოლოოდ, როგორც გაირკვა, უცხო ქვეყნის სამსახურში ჩადგომის შემდეგ, გახარიამ შინაგან საქმეთა მინისტრობა სწორედ პოლიციის დაზიანებისა და მოშლის მიზნით მოითხოვა.

საელჩოს მხრიდან სასამართლოსა და პროკურატურის დაზიანებისა და მოშლის მცდელობებს, პრაქტიკულად, მუდმივ რეჟიმში ვაკვირდებით. უკვე წლებია, წარმოებს მადისკრედიტირებელი კამპანიები საელჩოს მიერ დაფინანსებული ენჯეოების შესრულებით პროკურატურის და განსაკუთრებით, სასამართლოს წინააღმდეგ. გარდა ამისა, ისეთი მოთხოვნების დაყენებით, როგორიც, მაგალითად, მოსამართლეებისა და გენერალური პროკურორის კვალიფიციური უმრავლესობით არჩევაა, საელჩო ღიად ცდილობს, თავის ფავორიტ პარტიას - „ნაციონალურ მოძრაობას“ დანიშვნებზე ვეტოს უფლება მოუპოვოს, რაც ორივე სტრუქტურის მოშლის ტოლფასი იქნებოდა.

საქართველოში სამართლის უზენაესობისა და სამართალდამცავი ორგანოების დასუსტების მთავარი მიზანი ცხადია: კრიმინალებს უნდა გაუადვილდეთ რევოლუციის მოწყობა, ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ჩართვა.

სახელმწიფოს სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და სიმტკიცე დიდწილად სწორედ სამართალდამცავ სტრუქტურებზეა დამოკიდებული. იქ, სადაც სამართალდამცავი სტრუქტურები სუსტდება, ხელისუფლებაც ადვილი მოსარყევი ხდება. სწორედ ამიტომ, კანონის უზენაესობის დაცვასა და კრიმინალთან ბრძოლაში ხელისუფლება უკომპრომისო უნდა იყოს, როგორც არ უნდა სცადოს საელჩომ მოვლენების საპირისპირო მიმართულებით განვითარება.

სიმართლით აღჭურვილი ხალხის ძალამ უნდა დაიცვას სამართალდამცავი სტრუქტურებიც. სწორედ ამიტომ მიგვაჩნია აუცილებლად, ხმა ავიმაღლოთ და საზოგადოებას ვუთხრათ სიმართლე საელჩოს ნებისმიერი განცხადების თუ ქმედების შესახებ, რომელიც საქართველოში სამართლის უზენაესობის წინააღმდეგ არის მიმართული. 

7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან 1 ივლისს სასწრაფო დასკვნა მოითხოვა. თუმცა, 5 სექტემბერს პარლამენტმა ვეტო დაძლია

მიღებული კანონპროექტით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

27 აგვისტოს გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელი დასკვნის მიხედვით, მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას

მოსაზრების მიხედვით, საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა.

მოსაზრება ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალურობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში. ამიტომ ფარული თვალთვალის ზომები უნდა იყოს ფრთხილად ფორმულირებული და ვიწრო ინტერპრეტაციით სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ.

კომენტარები