მოსმენების შესახებ კანონი

იმედია, საელჩო თავის პოზიციებს მეტი ყურადღებით მოეკიდება – კობახიძე მოსმენების კანონზე

ქართული ოცნება

"იმედი გვაქვს, აშშ-ის საელჩო შემდგომში საკუთარ პოზიციებს უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება“ - ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოსმენების შესახებ კანონზე ამერიკის საელჩოს შეფასებას "დეზინფორმაციულს" და "მაპოლარიზებელს" უწოდებს.

"ასეთი განცხადებები, დეზინფორმაციული ჩანაწერები, რა თქმა უნდა, წაახალისებს საქართველოში პოლარიზაციას. თუ ჩვენი პარტნიორების მიზანია საქართველოში დეპოლარიზაცია, რა თქმა უნდა, ისინი უნდა მოერიდონ ასეთი მაპოლარიზებელი განცხადებების გაკეთებას. მით უმეტეს, ვხედავთ, რადიკალური ოპოზიცია მაშინვე იყენებს ხოლმე ვითარების პოლარიზაციისთვის. ეს არის ძალიან სამწუხარო და დასანანი"  - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ქართული ოცნების თავმჯდომარის მტკიცებით, ამერიკის საელჩოს განცხადება "ორ არასწორ მინიშნებას" შეიცავს.

"პირველი – საუბარია იმაზე, თითქოს კანონი არ შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს, რაც არის ტყუილი... ვერავინ სამართლებრივი შენიშვნა ვერ წარმოადგინა, მით უმეტეს, არავის უთქვამს, რომელი სტანდარტი არის დარღვეული. ჰკითხეთ ნებისმიერ მათგანს, რომელი ერთი სტანდარტია დარღვეული, მათ შორის, საელჩოს ჰკითხეთ და ვერავინ ვერაფერს დაგისახელებთ. დღემდე ვერ დაასახელეს. უკვე ექვსი თვე გავიდა, რაც ცვლილებები დაინიცირდა და ერთი სამართლებრივი შენიშვნა ვერ გამოთქვეს, რაც არის ერთი სამწუხარო ტყუილი, რომელიც გაიპარა საელჩოს განცხადებაში.

კიდევ ერთი სამწუხარო, მძიმე რამ წერია. არ ვიცი, თუ გინდათ, ტყუილი დაარქვით, ეს მძიმედ უნდა შეფასდეს, თითქოს მიზანმიმართულად იქნა მიღებული ეს კანონი მოქალაქეების გაკონტროლებისთვის. ესეც გაუგებარია, რადგან ინგლისურად წერია მონიტორინგი, ქართულად – კონტროლი. თარგმანშიც კი განსხვავებაა, ინგლისურშიც იმიჯნება ეს ტერმინები. მოქალაქეების კონტროლი არის ის, რასაც სინამდვილეში, არ ეხება ეს კანონი. ის ეხება დამნაშავეების კონტროლს და შემაშფოთებელია, როცა ამერიკის საელჩოს განცხადება ერთმანეთთან აიგივებს დამნაშავეებს და საქართველოს მოქალაქეებს.

ძალიან მკაცრად არის გაწერილი ეს კანონი. ზუსტად არის განსაზღვრული ყველაფერი, მათ შორის ვადები, ვადების გახანგრძლივების წესი, დანაშაულის კატეგორიები. კანონი მხოლოდ საკმაოდ მძიმე დანაშაულის კატეგორიას ეხება და როცა ამ მძიმე დამნაშავეების და პოტენციური დამნაშავეების გაიგივება ხდება საქართველოს მოქალაქეებთან, ეს ძალიან რბილად რომ ვთქვათ, შეცდომაში შეყვანის შედეგია. არ ვიცი, რატომ ხდება რეგულარურად ასეთი შეცდომების გაპარება საელჩოს განცხადებაში. ეს ჩვენთვის ძალიან მძიმეა" - ამბობს ირაკლი კობახიძე.


აშშ-ს საელჩო საქართველოში წერს, რომ ქართული ოცნების მიერ მიღებული მოსმენების შესახებ კანონი დასავლელი პარტნიორების რეკომენდაციებსა და ვენეციის კომისიის დასკვნას ეწინააღმდეგება. საელჩოს შეფასებით, ასეთი კანონის გამიზნულად მიღება საქართველოს ევროპასთან დაახლოების ნაცვლად, მისგან აშორებს.

27 აგვისტოს გამოქვეყნებული ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის იურიდიული და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელი დასკვნის მიხედვით, მოსმენების შესახებ კანონპროექტი მიღებულია ნაჩქარევად და მოითხოვს როგორც ზემოქმედების შეფასებას, ასევე უფრო დეტალურ დასაბუთებას

მოსაზრების მიხედვით, საქართველოში ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული ფარული თვალთვალის სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა.

მოსაზრება ხაზს უსვამს, რომ კომუნიკაციის თავისუფლება და კონფიდენციალურობა ფუნდამენტური ღირებულებებია ნებისმიერ ლიბერალურ საზოგადოებაში. ამიტომ ფარული თვალთვალის ზომები უნდა იყოს ფრთხილად ფორმულირებული და ვიწრო ინტერპრეტაციით სახელმწიფო უწყებებისა და სასამართლოების მიერ.

7 ივნისს ქართული ოცნების დეპუტატების ინიციირებული კანონპროექტი პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების პროექტს მხარი 78-მა დეპუტატმა დაუჭირა. ცვლილებებს შემდგომში ვეტო დაადო საქართველოს პრეზიდენტმა, რომლის ადმინისტრაციამ ვენეციის კომისიისგან სასწრაფო დასკვნა მოითხოვა. ქართულმა ოცნებამ პრეზიდენტის ვეტო 8 სექტემბერს დაძლია.

მიღებული კანონპროექტით, გახანგრძლივდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებასთან დაკავშირებული ვადები და გაიზარდა ის დანაშაულები, რომლებზეც ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება იქნება დასაშვები. 

ცვლილებებით ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების საერთო ვადა არაუმეტეს 9 თვემდე გაიზარდა და ის სამ ეტაპად ჩატარდება, გარდა საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული საგამონაკლისო შემთხვევებისა.

მოსაზრება წარედგინება ვენეციის კომისიას დასამტკიცებლად მომავალ პლენარულ სხდომაზე, 2022 წლის 21-დან 22 ოქტომბრამდე.

კომენტარები