შვეიცარია

შვეიცარია NATO-სა და ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში დაახლოებას შეეცდება

შვეიცარიის მთავრობის ცნობით, ქვეყანა NATO-სა და ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთოების საკითხებში დაახლოებას ეცდება, თუმცა, ამასთან ერთად, შვეიცარია ტრადიციულ ნეიტრალიტეტს კვლავ შეინარჩუნებს

მინისტრთა კაბინეტის მიერ დამტკიცებულ დოკუმენტში ასევე წერია, რომ შვეიცარია საკუთარი სამხედრო ძალების გაძლიერებას დაიწყებს. 

"უკრაინის ომმა ჰიბრიდული კონფლიქტის, დეზინფორმაციული კამპანიების, კიბერშეტევების, ფარული ოპერაციებისა და შეიარაღებული კონფლიქტის მზარდი საფრთხე აჩვენა. 

შვეიცარიის ინტერესშია, რომ უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში იმაზე მეტად ითანამშრომლოს საერთაშორისო ალიანსებთან, ვიდრე აქამდე, განსაკუთრებით NATO-სა და ევროკავშირთან. ეს თანამშრომლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად უნდა იქნეს გამოყენებული, ნეიტრალიტეტის დაცვის პარალელურად". - წერია განცხადებაში. 

შვეიცარიის NATO-სა და ევროკავშირთან დაახლოება შესაძლოა მოიცავდეს ერთობლივ წვრთნებში უფრო ხშირ მონაწილეობას, NATO-სთან სამხედრო თანამშრომლობის გაფართოებას, ან ევროკავშირის სწრაფი განლაგების ჯგუფებთან შეერთებას. 

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ NATO-ში გაწევრიანების გადაწყვეტილება ორმა ნეიტრალიტეტის ისტორიის მქონე ქვეყანამ, შვედეთმა და ფინეთმა უკვე მიიღო, თუმცა, როგორც Reuters-ი წერს, შვეიცარია ამ ნაბიჯის გადადგმისგან ჯერ კიდევ შორს არის. 

კომენტარები