რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: სავიზო შეზღუდვა ყველა რუსს არ უნდა შეეხოს, პასუხი პუტინის რეჟიმმა უნდა აგოს

პენტაგონის პრესსპიკერი, ჯონ კირბი
TV Rain

პენტაგონის პრესსპიკერის, ჯონ კირბის თქმით, სავიზო შეზღუდვები რუსეთის ყველა მოქალაქეზე არ უნდა დაწესდეს. ამის შესახებ კირბმა რუსულ ოპოზიციურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა

"ჩვენ რუსეთის მოქალაქეების ნაწილისთვის სავიზო შეზღუდვები უკვე დავაწესეთ. ჩვენ გვჯერა, რომ პუტინის უკრაინაში ჩადენილისთვის პასუხისგებაში მისაცემად ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია, თუმცა, არ გვჯერა, რომ ყველა რუსისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება პროდუქტიულია". - თქვა კირბიმ. 

კირბი აღნიშნავს, რომ სავიზო საკითხი ეთნიკურად რუსებისთვის ომის გამოცხადებად არ უნდა იქცეს და პასუხი მხოლოდ იმ ნაწილმა უნდა აგოს, რომელიც კრემლის მექანიზმის ნაწილია. 

"ისინი, ვინც უკრაინაში უკანონო და უმიზეზო ომს აწარმოებენ, პრეზიდენტი პუტინი, მისი კაბინეტი და მისი მთლიანი რეჟიმია. ამის გამო ყველა რუსი არ უნდა დაზარალდეს". - ამბობს კირბი.

აქამდე, ლატვიის, ლიტვის, ესტონეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ევროკავშირს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გამკაცრებისკენ მოუწოდეს.

მოგვიანებით, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეტერ სიიარტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი რუსეთთან სავიზო შეთანხმებას, რომელიც ვიზების გაცემას აადვილებდა, შეაჩერებს. ევროპელი მაღალჩინოსნის თქმით, ეს აბსოლუტური სავიზო აკრძალვა არ იქნება.

2007 წლის შეთანხმების ნაწილი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების თავისუფალ გადაადგილებას ეხებოდა, თებერვლის ბოლოს უკვე შეჩერდა. უფრო ფართო შეზღუდვით, რუსეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ მეტი დოკუმენტის წარდგენა, გაუძვირდებათ ვიზის აღება და მნიშვნელოვნად გაეზრდებათ ლოდინის დრო.

ჯერჯერობით არ არსებობს კონსენსუსი, როგორი იქნება დამატებითი შეზღუდვები: შემცირდება რუსებზე გაცემული ევროკავშირის ვიზის რაოდენობა თუ მთლიანად შეჩერდება მათი გაცემა. განიხილება ისიც, რომ შეზღუდვა ბელარუსის მოქალაქეებსაც შეეხოს. 

კომენტარები