თბილისობა 2022

"ბევრად მასშტაბური იქნება, სჭირდება თანხები" – თბილისობა 1-2 ოქტომბერს გაიმართება

თბილისობა 2018

წელს თბილისობა 1-2 ოქტომბერს გაიმართება. კახა კალაძის თქმით, დღესასწაული, რომელიც ბოლო წლებში პანდემიის გამო არ ჩატარებულა, წელს განსაკუთრებით მასშტაბური იქნება.  

"ეს დღესასწაული ჩვენი ქალაქის მრავალწლიანი ტრადიცია და მისი ცხოვრების ნაწილია. იყო გარკვეული შეფერხება პანდემიის გამო, თუმცა წელს გვაქვს შესაძლებლობა, ოქტომბრის პირველ უქმეებზე, 1-2 ოქტომბერს ჩავატაროთ შესაბამისი ღონისძიებები. თბილისობა იქნება ბევრად მასშტაბური და დატვირთული უამრავი სადღესასწაულო პროგრამით. თბილისობას ტრადიციულად უმასპინძლებს რიყე და ლეღვთახევი. ასევე, ღონისძიებები გაიმართება ორბელიანისა და გუდიაშვილის მოედნებზე. ველოდებით დელეგაციებს თბილისის მეგობარი და პარტნიორი ქალაქებიდან. ყველა მოუთმენლად ელოდება ამ დღესასწაულს. დეტალურ ინფორმაციას ღონისძიების პროგრამის შესახებ მოგვიანებით მოგაწვდით". - ამბობს თბილისის მერი.

ფაქტზე, რომ დედაქალაქის მერია დღესასწაულის აღსანიშნავად გამარტივებული წესით სამ მილიონ ლარს დახარჯავს, კახა კალაძე ამბობს, რომ "ასეთ მასშტაბურ ღონისძიებას სჭირდება თანხები". მისივე მტკიცებით, როცა საუბარია კონცერტებსა და შემოქმედებით ღონისძიებებზე, წინასწარ ტენდერის გამოცხადება შეუძლებელია.

"მუნიციპალიტეტი ყველაფერს გააკეთებს უმაღლეს დონეზე. დარწმუნებული ვარ, ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანები ძალიან დიდ სიამოვნებას მიიღებენ აღნიშნული ღონისძიებებით. ჩვენი ქალაქი იმსახურებს, ღირსეულად აღნიშნოს თბილისობა და სწორედ ამას ვპირდებით თბილისელებს". - თქვა კახა კალაძემ. 

კომენტარები