რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბორელი: რუსეთთან სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულ შეჩერებაზე შევთანხმდით

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი, ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ევროკავშირი რუსეთთან გამარტივებული სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმებას აჩერებს. ამის შესახებ ბორელი Twitter-ზე წერს. 

"ჩვენ ვნახეთ საზღვრის გადაკვეთის მნიშვნელოვანი ზრდა რუსეთიდან მეზობელ ქვეყნებში. ეს ხდება უსაფრთხოების რისკი. ამიტომ, დღეს ჩვენ ვეთანხმებით ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად რუსეთის სავიზო რეჟიმის გამარტივების შეთანხმების სრულ შეჩერებაზე".- წერს ბორელი. 

ევროკავშირის ქვეყნების ნაწილმა მოითხოვა ერთობლივი მოქმედება, რათა უკრაინაში რუსეთის შეჭრის პასუხად რუს მოქალაქეებს ევროპაში ტურისტული ვიზით მოგზაურობა შეეჩერებინათ. 

ქვეყნებმა, მათ შორის ჩეხეთმა და პოლონეთმა, შეწყვიტეს ვიზების გაცემა რუსი ტურისტებისთვის მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ბრძანება გასცა. მას შემდეგ ისინი მოითხოვდნენ ბრიუსელიდან სრული აკრძალვის ამოქმედებას. 

"მიუღებელია, რომ რუსმა ტურისტებმა ჩვენს ქალაქებში, ჩვენს ნავსადგურებზე ისეირნონ. უნდა გავუგზავნოთ სიგნალი რუს მოსახლეობას, რომ ეს ომი არ არის კარგი და ის მიუღებელია", - აღნიშნა FT-თან მოლაპარაკებებში მონაწილე ევროკავშირის მაღალჩინოსანმა. 

2007 წლის შეთანხმების ნაწილი, რომელიც ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ბიზნესმენების თავისუფალ გადაადგილებას ეხებოდა, თებერვლის ბოლოს უკვე შეჩერდა. უფრო ფართო შეზღუდვით რუსეთის მოქალაქეებს დასჭირდებათ მეტი დოკუმენტის წარდგენა, გაუძვირდებათ ვიზის აღება და მნიშვნელოვნად გაიზრდება ლოდინის დრო.

თუმცა, არ არსებობს კონსენსუსი, როგორი იქნება დამატებითი შეზღუდვები: შემცირდება რუსებზე გაცემული ევროკავშირის ვიზის რაოდენობა თუ მთლიანად შეჩერდება მათი გაცემა. ასევე განიხილება, რომ შეზღუდვა ბელარუსის მოქალაქეებსაც შეეხოს. 

კომენტარები