დემნა გვასალია

VOGUE: საბა ბახია, ალბათ, ყველაზე იღბლიანი ადამიანია ინსტაგრამზე

ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა მოდის ჟურნალმა, ბრიტანულმა Vogue-მ ინსტაგრამის გვერდის, Demnagram-ის შემქმნელის, საბა ბახიას შესახებ სტატია გამოაქვეყნა - რატომ თანამშრომლობს Balenciaga კაცთან, რომელიც ვირუსული მხარდამჭერი გვერდის უკან დგას.

საბა ბახიამ დემნა გვასალიას მხარდამჭერი გვერდი Instagram-ზე 2018 წელს შექმნა და ბრიტანულ Vogue-სთან ლაპარაკისას გაიხსენა, რომ მანამდე მას კომუნიკაცია გვასალიასთან Facebook-ზე ჰქონდა.

"დემნამ მომწერა ყველაზე შთამაგონებელი მესიჯი Facebook-ზე - "დაუჯერე საკუთარ თავს და მიჰყევი შენს ოცნებებს, ისინი კარგ ადგილებში მიგიყვანენ. მე ვენდე მას და ახლა ჩემი ცხოვრების საუკეთესო ადგილას ვარ, ეს მესიჯი იყო ნაპერწკალი, რაც @Demnagram-ის წამოსაწყებად მჭირდებოდა". - უთხრა ბახიამ Vogue-ს.

გვერდის შექმნიდან სამ წელიწადში, 2022 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ Demnagram-თან Balenciaga ითანამშრომლებდა და ეს იქნებოდა ოფიციალური წყარო დემნა გვასალიას საქმიანობის შეასახებ მოდის სახლში.

"ეს არის სანდო წყარო, რომელიც კონცენტრირებულია დემნას კარიერაზე და [Balenciaga-ს] გუნდში შესვლის შემდეგ არ შეცვლილა, თუმცა სიმართლე რომ გითხრათ, არასდროს ველოდი რომ Balenciaga-სთან ვითანამშრომლებდი. ეს გვერდი იყო გზა, გამომეხატა აღფრთოვანება მისდამი შორიდან, ამიტომ ახდენილი ოცნებაა ჩემს გმირთან ერთად მუშაობა და ძალიან ამაყი ვარ, რომ მას ასევე შემიძლია დავუძახო ჩემი მეგობარი". - თქვა ბახიამ.

ბრიტანული Vogue წერს, რომ "ბახია, ალბათ ყველაზე იღბლიანი ადამიანია Instagram-ზე", რადგან მოდის სახლთან თანამშრომლობის მხოლოდ 6 თვის პერიოდში ის უკვე დაესწრო ძალიან მნიშვნელოვან და დემნა გვასალიასთვის კარიერის განმსაზღვრელ ღონისძიებებს.

"ორივე საქართველოს ერთი და იგივე ნაწილიდან ვართ და ასევე, ორივე ჩვენს პირად სივრცეებს პატივს ვცემთ. თუმცა, ამავე დროს, ყოველთვის შიშის გარეშე ვლაპარაკობთ ისეთ რაღაცებზე, რაც მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რის გამოც დემნას ძალიან ვაფასებ. ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ ახალგაზრდა დემნას ვგავარ და ვფიქრობ, რომ ის მართლაც ხედავს საკუთარ თავს ჩემში და ამიტომ, ძალიან ერთგულად ვმუშაობ Balenciaga-სთვის, რადგან არ მინდა მას იმედები გავუცრუო". - თქვა საბა ბახიამ.

კომენტარები