რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის

რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მითი ნოვოროსიაზე – კრემლის მზადება უკრაინის ტერიტორიების ანექსიისთვის

მაშინ, როცა უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სამხრეთის მიმართულებით კონტრშეტევა ფაქტობრივად დაიწყო, ოკუპირებული ხერსონისა და ზაპოროჟიეს მარიონეტული ადმინისტრაციები შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციასთან შეერთების ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებისთვის ემზადებიან. ამ მიზეზით, შესაძლოა, სწორედ მომდევნო დღეებში, კიევის კონტრიერიში ტერიტორიების გასათავისუფლებლად უფრო აქტიური გახდეს. 

მოვლენების პარალელურად, კრემლი ორ ბრძოლის ველზე ომობს, ერთი უშუალოდ ხილული და ხელშესახებია, მეორე სახის დაპირისპირება კი ნარატივების განზომილებაში მიმდინარეობს. მოსკოვის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი მიზანი უკრაინის რეგიონებში მცხოვრები ეთნიკური რუსებისა და რუსულენოვანი მოსახლეობის გადმობირებაა. იმისთვის რომ ასეთ ჯგუფებზე, ჯერ კიდევ 2022 წლის ომამდე, კრემლს გავლენა მოეპოვებინა, წლების განმავლობაში სხვადასხვა ნარატივი იქმნებოდა. მაგალითისთვის, ცნებები, როგორიცაა: საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები, რუსული სამყარო, მალოროსია, ნოვოროსია და ა.შ.

აშკარაა, რომ რუსეთს სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინის მიტაცება სურს. ეს ტერიტორიები, ერთი მხრივ, მაღალი სტრატეგიული მნიშვნელობისაა, რადგან შავი ზღვის პირზე მდებარეობს, მეორე მხრივ, კი უკრაინის ყველაზე მეტი ბუნებრივი რესურსიც ამ მიწებზე მოიპოვება. თუმცა კონტროლის დასამყარებლად მხოლოდ ჯარის ჩაყენება არ კმარა, თუ მოსახლეობაში ახალი რეჟიმის მიმართ კეთილგანწყობა არ არსებობს.

რუსი ოკუპანტები კახოვკას ჰიდროელექტროსადგურთან, 2022 წლის 20 მაისი. 
AP News

სწორედ ასეთი გარემოებებისთვის რუსეთი საკუთარ ნარატივებსა და მითებს ქმნის, რომელთა წარმატება-წარუმატებლობის საკითხი ხალხის კეთილგონიერებაზეა დამოკიდებული. 

ნარატივი, რომელიც რუსეთმა, შესაძლოა, უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიების ოკუპაციისთვისა და შემდეგი ანექსიისთვის გამოიყენოს, კრემლში რამდენიმე წლით მივიწყებული ჰქონდათ და მასზე, ომის დაწყების შემდეგ,  ჯერჯერობით, ძირითადად, რიგითი პროპაგანდისტები საუბრობენ. ეს არის ნოვოროსიის იდეა. 

მითი ნოვოროსიაზე

სიტყვა ნოვოროსია ახალი ტერმინი არაა, თუმცა ის ფართო საზოგადოებისთვის ვლადიმირ პუტინმა 2014 წელს გააცოცხლა. 

"შეგახსენებთ, რომ ეს არის ნოვოროსია. ხარკოვი, ლუგანსკი, დონეცკი, ხერსონი, ნიკოლაევი, ოდესა – მეფის დროს უკრაინის შემადგენლობაში არ შედიოდნენ. ყველა ეს არის ტერიტორია, რომელიც უკრაინას საბჭოთა ხელისუფლების მიერ გადაეცა. რატომ გააკეთეს ეს, ღმერთმა უწყის", – თქვა პუტინმა 2014 წლის 17 აპრილს, მაშინ, როცა დონბასში ომი უკვე დაწყებული, ყირიმი კი რუსეთის მიერ ანექსირებული იყო.

ნოვოროსიის პრეისტორია

ტერმინი ნოვოროსია XVIII საუკუნეში ეკატერინე II-ს მმართველობის დროს გაჩნდა, როდესაც ამავე სახელის გუბერნია შეიქმნა. ტერიტორია წარმოადგენდა დიდწილად მეჩხრად დასახლებულ მიწებს, რომლებიც რუსეთის იმპერიამ ყირიმის სახანოს წაართვა. შემდეგში, ამ გუბერნიის ქვეშ შევიდა უკრაინელი კაზაკების ზაპოროჟიეს სეჩისგან ანექსირებული მიწებიც. სოციალისტური რევოლუციის შემდეგ, ტერმინი ნოვოროსია დროებით წარსულს ჩაბარდა.

ნოვოროსიის გუბერნია და მისი 12 ოლქი. რუსეთის იმპერიის ატლასი 1800 წელი.

უკრაინაში პრორუსების მხრიდან ნოვოროსიის იდეა 1990-იანი წლების დასაწყისში გაიხსენეს, თუმცა, მხოლოდ მცირე ჯგუფებმა. უკრაინელი ისტორიკოსი რომან სოლჩანიკი ევროპა-აზიის კვლევების ჟურნალის 1994 წლის 46-ე ნომერში წერდა, რომ 1990 წლის აგვისტოში ოდესაში შეიქმნა ნოვოროსიის დემოკრატიული მოძრაობა. მისი მთავარი სპიკერი ოდესის უნივერსიტეტის პროფესორი, ოლეკსი სურილოვი იყო. ის თვლიდა, რომ ნოვორუსები ცალკე ეთნოსს წარმოადგენდნენ და შესაბამისად უკრაინაში შიდა ავტონომია უნდა ჰქონოდათ. მისი მოძრაობა არაპოპულარული იყო. ამას გარდა, სოლჩანიკი წერდა, რომ  1991 წლის ნოემბერში ოდესის, ხერსონის, ნიკოლაევისა და ყირიმის ოლქების წარმომადგენლები ნოვოროსიის ფორმირების საკითხის განსახილველად შეიკრიბნენ. ქმედებას ამართლებდნენ უკრაინაში "ნაციონალისტური ტენდენციების ზრდითა" და რუსეთთან კავშირების შემცირებით. ამით დაინტერესებული იყვნენ მოლდოვის სეპარატისტულ დნესტრისპირეთშიც. როგორც ჩანს, ხალხში მხარდაჭერით ვერც ეს გეგმა სარგებლობდა.

2015 წელს გერმანული გამოცემის, Deutsche Welle-ს რუსულენოვან სამსახურთან საუბარში ვენის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ინსტიტუტის თანამშრომელი, რუსი სოციოლოგი და ისტორიკოსი, ნიკოლაი მიტროხინი ამბობდა, რომ ნოვოროსიაზე საუბარი მხოლოდ 90-იანი წლების ბოლოსა და 2000-იანების დასაწყისში განაახლეს. მისი თქმით ნოვოროსიის პროექტი უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთში მცხოვრები მცირე ჯგუფების, ძირითადად სტუდენტებისა და ისტორიკოსების გასართობი იყო. მიტროხინი ამბობდა, რომ ამ დროს შეიქმნა ნოვოროსიის დროშაც, თუმცა ამ ყველაფერს სერიოზულად არავინ უყურებდა. ფაქტობრივად, ნოვოროსიის იდეა მხოლოდ უკრაინაში მყოფი პრორუსების მცირე ჯგუფებში იძენდა აქტუალობას და შემდეგ მალევე კარგავდა.

მიტროხინის მიხედვით, ნოვოროსიის იდეა რუსული ნაციონალისტური მოძრაობის მხარდამჭერი მოსკოველი პოლიტოლოგების წრეში 2000-იანების შუაში მოხვდა. რუსი სოციოლოგი ამბობდა, რომ ამ პოლიტოლოგებს პუტინის ადმინისტრაციასთან შეხება მეტ-ნაკლებად ჰქონდათ. 

ნოვოროსიის ნარატივის გაცოცხლება, შეჩერება და შესაძლო განახლება

ნოვოროსიის იდეას კრემლმა მხოლოდ მაშინ შეხედა სერიოზულად, როდესაც უკრაინა მაიდანის მოვლენების შემდეგ რუსეთის ორბიტისგან გათავისუფლდა. ანტი-მაიდანს, რომლის ეპიცენტრი სურდათ რომ ხარკოვი ყოფილიყო, სჭირდებოდა რაიმე მამოძრავებელი. ამ მიზნით პუტინმა 2014 წლის აპრილში, როგორც უკვე აღნიშნული იყო, ხმამაღლა ახსენა ტერმინი ნოვოროსია, რითაც ამ ნარატივის განხორციელების შესაძლებლობას გაუხსნა გზა. სეპარატისტებისთვის, რომლებსაც დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დაარსება უკვე გამოცხადებული ჰქონდათ, ეს ერთგვარი ნიშანი იყო. 

2014 წლის 22 მაისს, დონეცკში  რამდენიმე დღით ადრე შექმნილმა ნოვოროსიის პარტიამ, საკუთარ პირველ კონგრესზე ნოვოროსიის შექმნა გამოაცხადა. ნოვოროსია უნდა ყოფილიყო კონფედერაციული "სახელმწიფო", რომელშიც ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკები შევიდოდნენ. ამას გარდა, სეპარატისტულ ჯგუფს პრეტენზია ჰქონდა უკრაინის სხვა რეგიონებზეც, კერძოდ: ხარკოვზე, ხერსონზე, დნეპროპეტროვსკზე, ნიკოლაევზე, ოდესასა და ზაპოროჟიეზე.

პრორუსი სეპარატისტები, ჯავშანტექნიკაზე ნოვოროსიის დროშებით, დონეცკის რეგიონში ნოვოაზოვსკის ახლოს მდებარე პოზიციებს ტოვებენ. 2015 წლის 21 ოქტომბერი.
Aleksey Filippov/AFP

მოვლენებმა აჩვენა, რომ  ასეთი განვითარება რუსეთის მიერ სრულად დაგეგმილი არ იყო და უფრო მეტად სიტუაციურ მოქმედებას ჰგავდა. ამაზე მეტყველებს ნოვოროსიის წარუმატებლობა, რაც ამ პროექტის ლიდერებისა და დანარჩენი სეპარატისტების უთანხმოებამ და მათმა რადიკალურმა მიდგომებმა გამოიწვია. ნოვოროსიის იდეის მომხრე რადიკალი ნაციონალისტები კრემლის კრიტიკას არ ერიდებოდნენ და მოსკოვის უფრო ძლიერ მხარდაჭერას ითხოვდნენ. 

თვითგამოცხადებული კონფედერაციის სახელი ერთი წლის შემდეგ კრემლის ოფიციალური წარმომადგენლების ლექსიკიდან დროებით გაქრა. მინსკის ფორმატის სამშვიდობო შეხვედრების შემდეგ რუსი ნაციონალისტები ამბობდნენ, რომ პუტინმა ნოვოროსიის იდეა მიატოვა და უღალატა.

ნოვოროსიის პროექტი ოფიციალურად 2015 წლის 20 მაისს შეჩერდა, ან "გაიყინა", როგორც ამას თვითგამოცხადებული კონფედერაციის თავმჯდომარე, ოლეგ ცარევი ამბობდა. მან მიზეზად დაასახელა ის, რომ ნოვოროსიის არსებობა მინსკის ფორმატთან თანხვედრაში არ მოდიოდა. იმ პირების უმეტესობა, რომლებიც ე.წ. კონფედერაციის სათავეში იყვნენ, რუსეთში გადავიდნენ. 2017 წელს დონეცკელმა სეპარატისტებმა კიდევ ერთხელ სცადეს მსგავსი იდეის განხორციელება, თუმცა სხვა სახელით, როდესაც მათ ე.წ. მალოროსიის დაარსება გამოაცხადეს. თუმცა ეს იდეა დიდი მხარდაჭერით არ გამოირჩეოდა, მათ შორის კრემლშიც. ამას გარდა, თავად ტერმინიც ცუდად იყო შერჩეული და კრემლის სხვა ნარატივს, მალოროსიის იდეას ემთხვეოდა.

სეპარატისტი ჯავშანტექნიკაზე ხატავს ნოვოროსიის დროშას; უკრაინა, დონეცკი, 2015 წლის 25 თებერვალი.
Pierre Crom/Getty Images

ნოვოროსიის პროექტის შეჩერებასთან დაკავშირებით ზემოთ ნახსენები რუსი სოციოლოგი, ოლეგ მიტროხინი Deutsche Welle-სთან ამბობდა, რომ ეს იდეა პოტენციურად განახლებადი იყო, მიუხედავად იმისა, რომ კრემლში მასზე აღარ საუბრობდნენ. დღეს, როდესაც უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი მიმდინარეობს, რუს ნაციონალისტებში ამ პროექტის მიმართ ნოსტალგია მართლაც იზრდება. სხვადასხვა წვრილი პროპაგანდისტები წერენ ნოვოროსიის ოლქის შექმნისა და მისი რუსეთის ფედერაციაში შესვლის საჭიროებაზე. შესაბამისად, მიტროხინის ვარაუდი, რომ ნოვოროსიის იდეა განახლებადი იყო, გამართლდა, თუმცა ჯერჯერობით კრემლი ამ ნარატივისთვის ოფიციალური სახის ხელახლა მინიჭებას ერიდება. მიზეზი მარტივია, უკრაინაში ომი მოსკოვისთვის ისე არ მიმდინარეობს, როგორც იმედოვნებდნენ. ისინი აქ დიდი წინააღმდეგობისა და გაუთვალისწინებელი ფაქტორების წინაშე აღმოჩნდნენ.

მართალია კრემლში ტერმინ ნოვოროსიას აღარ იყენებენ, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს რა სახელით იქნება მოხსენიებული ის ტერიტორიები, რომელთა დაპყრობასაც ახლა რუსეთი უკრაინაში ცდილობს. 22 აპრილს რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა რუსტამ მინეკაევმა ღიად დაასახელა უკრაინაში ომის ახალი ეტაპის ძირითადი მიზნები, რაც მოიცავდა შავიზღვისპირეთის ტერიტორიების დაკავებასა და სახმელეთო ხიდის შექმნას მოლდოვის სეპარატისტულ რეგიონამდე, დნესტრისპირეთამდე, რომელსაც რუსი ნაციონალისტები ასევე ნოვოროსიის ნაწილად მიიჩნევენ.

წვრილი პროპაგანდისტების გარდა, ნოვოროსიაზე, ომის დაწყებამდე რამდენიმე თვით ადრე, ალაპარაკდა ამ ნარატივისა და ზოგადად "რუსული სამყაროს" ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი, ულტრანაციონალისტი ალექსანდრ დუგინი. ის ამ იდეას მხარს ჯერ კიდევ 2014 წლიდან უჭერდა მხარს.  2021 წლის ოქტომბერში კი ამბობდა, რომ "როდესაც ამერიკელები აშკარად სუსტდებიან" და "ყურადღება ჩინეთზე აქვთ კონცენტრირებული", ნოვოროსიის პროექტისთვის დაბრუნების დრო იყო და არა ლოდინის, თუ როდის შეიცვლებოდა მთავრობა კიევში. 

აღსანიშნავია, რომ ნოვოროსიის იდეოლოგი იყო დუგინის ქალიშვილიც, დარია დუგინაც, რომელიც 20 აგვისტოს ააფეთქეს. დუგინა სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე წერდა, რომ ნოვოროსია მისთვის "ფილოსოფიური აზრის სივრცე" იყო, რომელიც ახლა რუსეთისთვის "იმპერიის შემქმნელ სივრცეს" წარმოადგენს, რისი წყალობითაც ისინი არსებობენ "როგორც რუსეთი". 

დენაციფიკაცია დეუკრაინიზაციაა, დეუკრაინიზაცია – რუსიფიკაცია

იმისთვის, რომ რუსეთმა საკუთარი პროპაგანდისტული ნარატივები უფრო მარტივად გაატაროს იმ რეგიონებში, რომლებიც 24 თებერვლის შემდეგ დაიკავა, კრემლს ამ მიწებზე მცხოვრები მოსახლეობის რუსიფიკაცია სჭირდება, არა უბრალოდ ეროვნული თვალსაზრისით, არამედ სისტემური და მენტალური ფაქტორებით. სწორედ ამ აზრს ატარებს "დენაციფიკაცია", რომელიც რეალურად არა უკრაინის ნაციზმისგან გაწმენდის, არამედ ეროვნულობისგან გამოფიტვის მცდელობაა. 

კრემლის პროპაგანდას უკრაინული იდენტობის რაღაც განსხვავებულით, ახალგამოგონილი იდენტობით ჩანაცვლება სჭირდება. სწორედ ამისთვის, შესაძლოა, კვლავ ნოვოროსიის იდეასა და ნოვორუსულ იდენტობას დაუბრუნდნენ. ამჟამად არათუ 24 თებერვლის შემდეგ ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არამედ ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებშიც კი, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ვინმე თავს "ნოვორუსად" აღიქვამდეს. ამისთვის კრემლს დიდი დრო დასჭირდება, რისი ფუფუნებაც ამჟამად არ აქვთ. ამიტომაც, მოსკოვი დაჩქარებული ტემპით, უშუალოდ ხალხის იდეოლოგიური რუსიფიკაციის ნაცვლად, სამმართველო სისტემის ასიმილაციას ცდილობს იმ ოლქებში, სადაც შემოდგომაზე ე.წ. რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავენ, კერძოდ ხერსონსა და ზაპოროჟიეში.

ამ პროცესს ემსახურება ამ ოლქებში რუსეთის მოქალაქეობის გადაცემის გამარტივება, ხერსონში ობლებისთვისა და 24 თებერვლის შემდეგ დაბადებულებისთვის რუსეთის მოქალაქეობის პირდაპირ მინიჭება, უკრაინული გრივნას რუსული რუბლით ჩანაცვლების მცდელობა, საკომუნიკაციო საშუალებების ოპერატორების შეცვლა, МВД-ს (შინაგან საქმეთა სამინისტრო) დროებითი სამმართველოების ამოქმედება და ა.შ.

თუ ამ პროცესს დონეცკისა და ლუგანსკის ოკუპირებულ ოლქებში 2014 წლიდან მიმდინარე პროცესებს შევადარებთ, აშკარაა, რომ კრემლი ჩქარობს. მოსახლეობის ასიმილაციისთვის მხოლოდ სატელეფონო კოდის შეცვლა და უკრაინული არხების გათიშვა საკმარისი არ იქნება. ამ ოლქების სტრუქტურის რუსიფიკაცია ემსახურება ერთადერთ მიზანს, მომავალში მოცემული ტერიტორიების რუსეთის ფედერაციისთვის შეერთებას. კრემლის გეგმაში ერთ-ერთი მთავარი გათვლა ამ რეგიონებში მცხოვრებ ეთნიკურ რუსებსა და რუსულენოვან მოსახლეობაზე აქვს. თუმცა 2014 წელს ხარკოვის მაგალითმა აჩვენა, რომ მოსკოვი საკუთარი თავის სასარგებლოდ მხოლოდ ეთნო-ლინგვისტურ ფაქტორს ვერ გამოიყენებს.

Wikimedia Commons

სწორედ ეს არის ე.წ. დენაციფიკაციის პროცესის რეალური სახე. ამ ტერმინის ზუსტად განმარტებას კრემლში ომის დაწყების დღიდან ერიდებოდნენ, თუმცა ნაკლებად თავშეკავებულები იყვნენ მათი პროპაგანდისტები. 3 აპრილს რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ მედია РИА Новости-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა ტიმოთეი სერგეიცევის სტატია სათაურით – "რა უნდა გაუკეთოს რუსეთმა უკრაინას". პროპაგანდისტი პირდაპირ და შეუფარავად წერდა, რომ დენაციფიკაცია თავისთავად "დეუკრაინიზაციაც" იქნებოდა.

"დენაციფიკაცია აუცილებლად იქნება დეუკრაინიზაციაც – უარის თქმა ისტორიულ მალოროსიისა და ნოვოროსიის ტერიტორიაზე მცხოვრებთა თვითიდენტიფიკაციის ეთნიკურ კომპონენტზე, რომლის მასშტაბური, ხელოვნური ზრდა ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლების დროს დაიწყეს". – წერდა სერგეიცევი და ასევე აღნიშნავდა, რომ საჭირო იყო ამ ტერიტორიების "ბუნებრივ საზღვრებში" დაბრუნება. პროპაგანდისტი აქ არ შეჩერებულა და დენაციფიკაციას კიდევ ერთი მნიშვნელობა – "დეევროპიზაციაც" შესძინა.

შემთხვევითი არაა, რომ სერგეიცევმა სწორედ დეუკრაინიზაციის კონტექსტში ახსენა "ისტორიული" ნოვოროსია და მალოროსია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი, შესაძლოა, ამ 8 წლის წინანდელი ნარატივის თაროდან ჩამოღებისთვის ემზადებოდეს და მიწას სინჯავდეს.

ნოვოროსიისა და მალოროსიის სხვაობა რუსულ ნაციონალისტურ პროპაგანდაში

ერთი შეხედვით, კრემლი ნოვოროსიის იდეას საკუთარ პროპაგანდაში აქტიურად აღარ იყენებს, თუმცა ვლადიმირ პუტინმა ეს სიტყვა ბოლოს სწორედ მაშინ ახსენა, როცა უკრაინის გარშემო რუსი სამხედროები იკრიბებოდნენ. 

2021 წლის 12 ივლისს გამოქვეყნებულ სტატიაში, სათაურად "რუსებისა და უკრაინელების ისტორიული ერთობის შესახებ", პუტინი ახსენებდა ნოვოროსიასა და მალოროსიას. მთლიანი სტატია რეალობის პირდაპირი დამახინჯება და ისტორიული ტერმინებით მანიპულაცია, მიზანი კი უკრაინის სახელმწიფოებრიობისა და ეროვნული სხვაობის ეჭვქვეშ დაყენება იყო. "მალოროსია" ნოვოროსიაზე ძველი ტერმინია. ეს სიტყვა მოდის შუა საუკუნეებიდან, იმ დროიდან, როდესაც სიტყვა "რუსს" სხვა ისტორიული მნიშვნელობა და კონტექსტი ჰქონდა.

თავდაპირველად, სიტყვა მალოროსია, ანუ "პატარა რუსეთი" (Μικρὰ Ῥωσία) ბიზანტიურ საეკლესიო ტერმინოლოგიაში XIV საუკუნიდან გამოიყენებოდა. სიტყვის დანიშნულება ახალდაარსებული და შედარებით პატარა გალიჩის მართლმადიდებელი მთავარეპარქიის კიევის მთავარეპარქიისგან განსხვავება იყო. "დიდ რუსეთად" კი სწორედ კიევის მთავარეპარქიას მოიხსენიებდნენ. დიდი რუსეთი მოიცავდა კანონიკურ ტერიტორიას, რომელიც კიევის პრინცს ექვემდებარებოდა, დასავლეთ მიწების გარდა, სადაც XIII საუკუნიდან გალიჩ-ვოლინის სამეფო დაარსდა.

დღეს ეს ტერმინი უკვე რუსული პროპაგანდის მიერ აბსოლუტურად შეცვლილია. რუსი ნაციონალისტები და იმპერიალისტები მალოროსიას, ხშირად, ძირითადად უკრაინელებით დასახლებულ ტერიტორიას (ცენტრალურ უკრაინას) უწოდებენ, ზოგჯერ უკრაინის დასავლეთ მიწების (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სწორედ გალიჩის სამეფოს ყოფილი მიწების) გამოკლებით. შესაბამისად, ნოვოროსია და მალოროსია პროპაგანდისტულ ნარატივში სხვადასხვა მნიშვნელობით გამოიყენება.

როგორ ხედავენ პრორუსები უკრაინის დაყოფას - უკრაინელი ჰაკერების მტკიცებით, "უკრაინის ფედერაციის" რუკა, რომელზეც ქვეყანა რამდენიმე სუბიექტადაა დაყოფილი, ყირიმი კი საერთოდ აკლია, დონეცკელი სეპარატისტების ლიდერს, დენის პუშილინს ეკუთვნის.

რუსული იმპერიალიზმის სპექტრში ამ ორი ტერმინის განსხვავება კარგად გამოიხატა პროპაგანდისტისა და სამხედრო ანალიტიკოსის, იგორ გირკინის (ფსევდონიმით – სტრელკოვი) სიტყვებში, რომელთაც 19 ივლისს წერდა. სტრელკოვი, რომელიც კრემლის პროპაგანდისტებისგან განსხვავებულ ხაზს მიჰყვება და ხშირად აკრიტიკებს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს, ამბობდა, რომ რუსეთმა ნოვოროსიის მიწები უნდა შეიერთოს, ხოლო მალოროსიაში, რაშიც დანარჩენ უკრაინას გულისხმობდა, დასვას ახალი მთავრობა და მათთან შეთანხმება გააფორმოს.

მართალია სტრელკოვი კრემლის პროპაგანდის მთავარ ხაზს არ მიჰყვება ხოლმე და მისი პროდუქტი სპეციფიკური აუდიტორიისთვის – რუსი ულტრანაციონალისტებისთვის, მონარქისტებისა და იმპერიალისტებისთვის არის გათვლილი, მაგრამ მისი მოთხოვნები რუსეთის ხელისუფლების მიმართ მაინც ყურადსაღებია. სტრელკოვი, რომელიც პუტინს სრულ მობილიზაციას სთხოვს, არის ადამიანი, რომელიც ხმამაღლა გააჟღერებს რადიკალურ შესაძლებლობებს, რომელიც შემდეგ საზოგადოების განწყობებით შეფასდება. 

სტრელკოვზე საუბრის დროს აუცილებელია იმის ხაზგასმა, რომ ის ე.წ. ნოვოროსიის კონფედერაციის ერთ-ერთი მთავარ სახესა და სამხედრო ლიდერს წარმოადგენდა. მან 2014 წლის ნოემბერში დააარსა სამოქალაქო მოძრაობა "ნოვოროსია", რომლის მიზანიც სეპარატისტების დახმარება იყო. აქამდე, სტრელკოვი, რომლისთვისაც დასავლეთს სანქციები ჰქონდა დაწესებული და რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (ГРУ) აგენტად მოიხსენიებდნენ, სეპარატისტების სამხედრო მოქმედებებს დონბასში ომის საწყის ეტაპზე უძღვებოდა. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მისი პოპულარულობის კლება უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ბრძოლაში ქალაქი სლოვიანსკის დაკარგვას მოჰყვა. საბოლოოდ მას რუსეთში გადასახლება მოუწია.

იგორ სტრელკოვი საკუთარ გადაცემაში, ფონზე ე.წ. ნოვოროსიის დროშა, 2022 წელი.

ნოვოროსიასა და მალოროსიას რომ დავუბრუნდეთ, რუსული ნაციონალისტური და შოვინისტური პროპაგანდის თვალთახედვით პირველი რუსეთის ნაწილი უნდა იყოს, ხოლო მეორეს მოჩვენებითი სუვერენიტეტის უფლება აქვს და უნდა იყოს ისეთი სახელმწიფო, როგორიც დღეს ბელარუსია. ასეთი მიდგომა განპირობებულია უკრაინის ეთნიკურ-ლინგვისტური მოცემულობით, რომელიც 2000-იან წლებში არჩევნებზეც ახდენდა გავლენას. უკრაინის დასავლეთში უმრავლესობა მხარს პროდასავლელ და უფრო მეტად ნაციონალისტ კანდიდატებსა და პარტიებს უჭერდნენ, მრავალი ეთნიკური რუსითა და რუსულენოვანით დასახლებულ აღმოსავლეთში კი პრორუსებს. ეს ტენდენცია 2014 წელს მაიდანის მოვლენებმა, დონბასში ომის დაწყებამ და ყირიმის ანექსიამ საგრძნობლად შეცვალა, რაც 2019 წლის არჩევნებშიც გამოჩნდა.

ამ კონტექსტს ებმის პუტინის მიერ საკუთარი თავის პეტრე დიდთან გაიგივებაც და საუბარი ტერიტორიების დაბრუნებაზე. 

"პეტრე I ჩრდილოეთის ომს 21 წელი აწარმოებდა. თითქოს, შვედეთს ებრძოდა და რაღაცებს ართმევდა. არაფერს ის არ ართმევდა! ის იბრუნებდა! დიახ, აბა როგორ. ასეა. მთელი ლადოგისპირეთი, სადაც დღეს პეტერბურგია დაარსებული. როდესაც ახალი დედაქალაქი დააარსა, ევროპის არც ერთი ქვეყანა არ აღიარებდა ამ ტერიტორიას რუსეთად. ყველა შვედეთად აღიარებდა. იქ ძველი დროიდან სლავები ცხოვრობდნენ, ამასთან ეს ტერიტორია რუსული სახელმწიფოს კონტროლქვეშ იმყოფებოდა. [პეტრე] იბრუნებდა და ამტკიცებდა. როგორც ჩანს ჩვენს ბედისწერად გვხვდა დაბრუნება და გამტკიცება. თუ გამოვმდინარეობთ იქიდან, რომ ეს ძირეული ფასეულობები წარმოადგენენ ჩვენი არსებობის საფუძველს, ეჭვგარეშეა, რომ წარმატებას მივაღწევთ იმ ამოცანათა გადაჭრაში, რომლებიც ახლა ჩვენს წინაშეა". – თქვა პუტინმა 9 ივნისს.

ცხადია, პუტინის ნარატივის მიხედვით, აღმოსავლეთ უკრაინა რუსეთის განუყოფელი ნაწილია. კრემლში სურთ, რომ რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინაში მიმდინარე ომი სამშობლოს კუთვნილი მიწების გათავისუფლებად აღიქვან. ასე მოსკოვი ცდილობს, უკრაინაში მიმდინარე მოქმედებებს საკუთარი მოქალაქეებისთვის მორალური გამართლება გამოუნახოს. თუმცა, ამგვარ სიტუაციაში, როცა უკრაინელები ოკუპანტებს მტკიცე წინააღმდეგობით ხვდებიან, კრემლი უკან დასახევ გზებს იჭრის კონფლიქტში, რომელიც დიდ ხანს გასტანს.

სამხედრო ექსპერტების აზრი ერთმანეთისგან განსხვავდება იმასთან დაკავშირებით, თუ რომელი მხარე ისარგებლებს კონფლიქტის გაჭიანურებით, თუმცა, სამხედრო შესაძლებლობებს თავი რომ დავანებოთ, გასათვალისწინებელია მოქალაქეების განწყობებიც. დროთა განმავლობაში უკრაინელების წინააღმდეგობა, შესაძლოა, უფრო რადიკალური გახდეს, სამხედრო უპირატესობის სრულად რუსეთის მხარეს გადასვლის შემთხვევაშიც კი. ადგილობრივთა წინააღმდეგობა უფრო სასტიკი სწორედ ასეთ დროს ხდება. მსგავს ვითარებებში, როდესაც კონვენციური ძალის გამოყენება აზრს კარგავს, იზრდება პარტიზანული ბრძოლის ელემენტები. მეორე მხრივ კი, ომის გაჭიანურებამ შესაძლოა რუსი ხალხის უკმაყოფილების ზრდა და სამხედროებში საბრძოლო სულისკვეთების დაკარგვა გამოიწვიოს, მაგალითად, როგორც ეს ამერიკის მოქალაქეების შემთხვევაში მოხდა, როცა აშშ ვიეტნამში ომს აწარმოებდა.

4 ნოვოროსია

კრემლმა ნოვოროსიის იდეა რომც გააცოცხლოს, მისი შინაარსი ისეთივე გაუგებარი დარჩება, როგორც ეს 2014 წელს იყო. თუმცა ეს გაურკვევლობა კვლავ მოსკოვის ინტერესებს ემსახურება.

2014 წელს რუსულმა არასამთავრობო კვლევითმა ორგანიზაციამ, ლევადა ცენტრმა, რომელიც კრემლმა 2016 წელს უცხოელ აგენტად გამოაცხადა, რუსეთში ჩაატარა კვლევა – "რა არის ნოვოროსია?". 

კითხვაზე რუსების 46%-მა უპასუხა, რომ ეს "რუსეთის სამხრეთით ისტორიულად ჩამოყალიბებული რეგიონია", 25%-მა თქვა, რომ ეს არის ისტორიული ტერმინი, რომელიც დღეს არაფერს ნიშნავს, 8% თვლიდა, რომ ნოვოროსია მოსკოვში ახლახანს მოფიქრებული მითი იყო, ხოლო 21%-ს პასუხის გაცემა გაუჭირდა.

2014 წელს რუსეთის პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ვიცეპრეზიდენტი, ალეკსეი მაკარკინი  Gazeta.ru-სთან ამბობდა, რომ არსებობს რამდენიმე ნოვოროსია. მისი აზრით, პირველი, ეს არის იგორ სტრელკოვის ნოვოროსია, რასაც მაკარკინმა უწოდა "რუსული იდეის კვინტესენცია", რომელიც მოსკოვისთვის მაგალითი უნდა გამხდარიყო. პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ვიცეპრეზიდენტის აზრით, სტრელკოვისეული ნოვოროსია გულისხმობდა რუსეთის ნაციონალურ, სულიერ, პატრიოტულ, სამხედრო-ისტორიულ გარდაქმნას ოლიგარქების გარეშე. თუმცა, მაკარკინის თქმით, ხელისუფლებაში მსგავსი ნოვოროსიის პერსპექტივა არ აწყობდათ. სტრელკოვის ნოვოროსია არის რადიკალი რუსი ნაციონალისტებისა და მონარქისტების უტოპიური ოცნება.

რუსი ნაციონალისტების მიერ ჩატარებული ნოვოროსიის მხარდამჭერი აქცია სანქტ-პეტერბურგში, 2014 წელი.

მაკარკინის თქმით, მეორე ნოვოროსია იყო გეოპოლიტიკური პროექტი იდეოლოგიის გარეშე, რომელიც უკრაინას შავიზღვისპირეთის გზას უჭრის და რუსეთისთვის ყირიმთან სახმელეთო კავშირს უზრუნველყოფს. აღსანიშნავია, რომ ნოვოროსიის ეს მნიშვნელობა ყველაზე მეტად ეხმაურება უკრაინაში მიმდინარე ამჟამინდელ მოვლენებს.

პოლიტიკური ტექნოლოგიების ცენტრის ვიცეპრეზიდენტის აზრით, მესამე ნოვოროსია, იყო ე.წ. დსრ-სა და ლსრ-ს კონტროლირებადი ტერიტორია, საკუთარ პრობლემებთან ერთად. ამ ნოვოროსიაში დასახული მიზნები უფრო ადგილობრივი სახის იყო.

დაბოლოს, მაკარკინი გამოყოფდა მეოთხე ნოვოროსიას, საჯარო განხილვის საგანს, რომლის მნიშვნელობაც მოსახლეობას არ ესმის. ის ამას ხსნიდა იმით, რომ საკითხი რუსეთის მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრებისგან საკმაოდ შორს იდგა. მაკარკინი Gazeta.ru-სთან ამბობდა, რომ რუსეთის მოსახლეობის ნაწილს ნოვოროსია ქალაქი ნოვოროსიისკის "რაღაც რეგიონი" ჰგონია, ზოგი კი შემდეგი პრინციპით ფიქრობდა: "პატარა ხალხი ვართ, როგორც ხელისუფლება იტყვის, ისე იქნება". მაკარკინის აზრით, ნოვოროსიის საკითხის გარშემო რუსეთის მოქალაქეებში მსგავსი გაურკვევლობა განზრახ იყო შენარჩუნებული.

"ტელევიზორში ნოვოროსიის მკაფიო განმარტებას განზრახ არ იძლევიან. ეს თემა არაა დაკონკრეტებული, რადგან თუ დააკონკრეტებენ, სახელმწიფოს მოუწევს თავი დაუკავშიროს ერთ-ერთ ნოვოროსიას, მიებას გარკვეული პოზიციით… ნოვოროსიის გაგება რაც უფრო განუსაზღვრელი იქნება, მით უფრო ნაკლები იქნება იმედგაცრუება თუ ის გახდება რაღაც განსხვავებული, ვიდრე თავდაპირველად იყო დაგეგმილი." – ამბობდა მაკარკინი.

მაკარკინის სიტყვები ნოვოროსიის მნიშვნელობის გაურკვევლობასთან დაკავშირებით საკმაოდ კარგად ასახავს კრემლის პროპაგანდის მუშაობის მექანიზმს. პუტინის რეჟიმი ცდილობს შექმნას ახალი "რეალობები", თუმცა ისინი ხშირად რამდენიმეა და ერთმანეთის გამომრიცხავიც. ხელისუფლება საკუთარ საბოლოო რეალობას იმის მიხედვით ირჩევს, თუ რამდენად წარმატებით მიმდინარეობს მათი ექსპანსიონისტური გეგმები. 

ნოვოროსიის იდეასთან დაკავშირებულ ალტერნატიულ "რეალობებზე" საუბრობდა რუსული პროპაგანდის მკვლევარი და რამდენიმე წიგნის ავტორიც, პიტერ პომერანცევი. 

"ახალი რუსეთი არ იყენებს მხოლოდ წვრილ დეზინფორმაციას, გაყალბებას, ტყუილებს, გაჟონვებსა და კიბერ-საბოტაჟს, რაც ჩვეულებრივ ინფორმაციულ ომთან არის დაკავშირებული. ის ხელახლა იგონებს რეალობას, ქმნის მასობრივ ჰალუცინაციებს, რაც შემდეგ პოლიტიკურ ქმედებაში ითარგმნება. მაგალითისთვის ნოვოროსია, სახელი, რომელიც ვლადიმირ პუტინმა მიანიჭა უკრაინის სამხრეთის უზარმაზარ ნაწილს, რომლის ანექსიასაც შეიძლება განიხილავდეს.  ტერმინი აღებული ცარისტული ისტორიიდან, როცა ის განსხვავებულ გეოპოლიტიკურ სივრცეს წარმოადგენდა. არავის, ვინც მსოფლიოს ამ ნაწილში ცხოვრობს, საკუთარი თავი ნოვოროსიაში მცხოვრებებად და მასთან კავშირში მყოფებად არ აღუქვიათ, ყოველ შემთხვევაში, რამდენიმე თვის წინ. ახლა ნოვოროსიის წარმოდგენა ხდება: რუსულ მედიაში აჩვენებენ მისი "გეოგრაფიის" რუკებს, ხოლო კრემლის მხარდაჭერილი პოლიტიკოსების მის "ისტორიას" სკოლის სახელმძღვანელოებში წერენ. არის დროშა და საინფორმაციო სააგენტოც კი". – წერდა პომერანცევი 2014 წლის 9 სექტემბერს.


ამ ეტაპზე, რუსეთის ექსპანსიონისტურ სწრაფვებს უკრაინის შეიარაღებული ძალების ეფექტიანი მუშაობა აფერხებს. სამხრეთ-აღმოსავლეთით კრემლის დაწინაურების ხელისშემშლელი ფაქტორი დასავლეთის მიერ მიწოდებული დიდი რადიუსის მქონე შეიარაღება, განსაკუთრებით ამერიკული HIMARS-ები გახდა. ამჟამად, კიევის მთავარი პრიორიტეტი ხერსონისა და ზაპოროჟიეს დეოკუპაცია უნდა იყოს, რათა ე.წ. ნოვოროსიის იდეის რეალურმა საფრთხემ აღარ იარსებოს. 

ახლა, როცა უკრაინის იერიშები იმდენად ეფექტიანია, რომ თავდასხმები ყირიმის ტერიტორიაზეც დაიწყეს, უნდა ვივარაუდოთ, რომ კრემლის რეფერენდუმის გეგმები ოკუპირებულ ზაპოროჟიესა და ხერსონში სექტემბერში ვერ შედგება, რაც ნოვოროსიის იდეისთვის, ასევე ამ რეგიონების რუსიფიკაციის პროექტისთვის უკან გადადგმული დიდი ნაბიჯი იქნება.

უკრაინელი სამხედროები ამერიკულ M777 ტიპის ჰაუბიცას რუსების პოზიციებზე დასარტყმელად ამზადებენ. ხარკოვის რეგიონი, 2022 წლის 14 ივლისი.
AP Photo/Evgeniy Maloletka

2014 წელს კრემლმა დონეცკისა და ლუგანსკის სეპარატისტული ე.წ. რესპუბლიკების პროექტის ფარგლებში, უკრაინის ტერიტორიაზევე, ანტი-უკრაინის ფორმირება დაიწყო. ხერსონისა და ზაპოროჟიეს გათავისუფლება ანტი-უკრაინის გაფართოების შეჩერებას გაუტოლდება.

ამიტომ, თუ უკრაინა წარმატებით გააგრძელებს სამხრეთის მიმართულებით კონტრშეტევას და საკუთარ ტერიტორიებს გაათავისუფლებს, რუსეთს ხერსონისა და ზაპოროჟიეს დაკარგვით მნიშვნელოვანი პოლიტიკური ზარალი მიადგება. ახლა ამ რეგიონებში ე.წ. რეფერენდუმისა და ე.წ. სახალხო რესპუბლიკების გამოცხადების ჩაშლა კრემლისთვის ბევრად უფრო დიდი დარტყმა იქნება, ვიდრე 2014 წელს ხარკოვის სახალხო რესპუბლიკის გამოცხადების ჩაშლა იყო.

კიევმა საკუთარი ტერიტორიების გათავისუფლების პროცესი ამ ეტაპზე უნდა გააგრძელოს, რადგან ახლა მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომას კარგი შედეგი არ მოჰყვება. თუ ომი უკრაინის ტერიტორიებზე კონტროლის განაწილების ახლანდელი მოცემულობით დასრულდება, ეს მხოლოდ დროებით აღებული შესვენება იქნება და ვითარება რამდენიმე წელში ხელახლა დაიძაბება.

საფეხბურთო კლუბი შახტარი დონეცკის გულშემატკივრების ჯგუფი (Ultras) წვავენ ე.წ. ნოვოროსიის დროშას; ხარკოვი, 2017 წლის 14 აპრილი.

 

კომენტარები