ისრაელი

JPost: მოსადის უფროსის თქმით, ირანის წინააღმდეგ იმოქმედებენ, ბირთვული შეთანხმების შემთხვევაშიც

დავით ბარნეა

ისრაელის მედიის, Jerusalem Post-ის მიხედვით, ისრაელის ეროვნული დაზვერვის სააგენტოს, მოსადის უფროსმა, დავიდ ბარნეამ პრემიერმინისტრ იაირ ლაფიდთან და სხვა მაღალჩინოსნებთან საუბრის დროს თქვა, რომ ახალი ბირთვული შეთანხმების გაფორმების შემთხვევაშიც, იერუსალიმი მოქმედების თავისუფლებაში არ შეიზღუდება. 

"ისრაელს შეთანხმებისთვის ხელი არ მოუწერია. ისრაელს აქვს უფლება დაიცვას თავი ყველა შესაძლო გზით და ასეც მოიქცევა. წყნარად ვერ ვისხდებით და უბრალოდ ყურებას ვერ დავიწყებთ, როცა საფრთხე გვიახლოვდება". – JPost-ის ცნობით, თქვა ბარნეამ მინისტრებთან შეხვედრის დროს.

მედიის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში ბარნეამ ხაზი გაუსვა, თუ რატომ იქნება ახალი ბირთვული შეთანხმება ისრაელისთვის საშიში.

"საქმე გვაქვს ჰეზბოლასთან, არა აშშ-სთან. საქმე გვაქვს ისლამურ ჯიჰადთან, არა აშშ-სთან. შეიარაღებულ ჯგუფებსა და ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსს უნდა გავუმკლავდეთ. ცხადია, აშშ, შეიძლება, ერთ დღეს ადგეს და [რეგიონი] დატოვოს, ჩვენ ვერ დავტოვებთ. ჩვენ აქ ვართ". – მედიის ინფორმაციით, თქვა ბარნეამ. 

როგორც მედია იუწყება, მოსადის ხელმძღვანელმა თქვა, რომ აშშ-სა და ირანის სტრატეგიული მიდრეკილება ახალი ბირთვული შეთანხმების ხელმოწერისკენ, არ ცვლის ირანის მრავალხნიან სურვილს, მოიპოვონ ბირთვული იარაღი. Jerusalem Post-ის ინფორმაციით, ბარნეამ ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმება საფრთხეს მხოლოდ გაზრდის.


გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშევაბა უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ტარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები