რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ბერბოკი: ომის დასასრულებლად მოსკოვთან რაიმე მოლაპარაკებას აზრი არ აქვს

ანალენა ბერბოკი

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ანალენა ბერბოკის თქმით, ამჟამად არსებულ ვითარებაში, მოსკოვთან უკრაინის წინააღმდეგ ომის დასასრულებლად რაიმე მოლაპარაკების გამართვას აზრი არ აქვს.

ბერბოკის თქმით, იმ დროისთვის, როდესაც 24 თებერვალს რუსეთმა უკრაინაში შეჭრა დაიწყო, დასავლეთის ქვეყნებმა ომის თავიდან ასარიდებლად ყველაფერი გააკეთეს, თუმცა, ამის საპასუხოდ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზას გადაუხვია და უკვე 6 თვეა, უდანაშაულო ქვეყანას ანადგურებს.

"მოსკოვს რეალური და აქტიური მოლაპარაკებები ჰუმანიტარულ დერეფნებზეც კი არ სურს. ასეთ სიტუაციაში კი სხვა გზა არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა იარაღის მიწოდებით". - განაცხადა ბერბოკმა.

ბერბოკმა აღიარა, რომ ომის დასაწყისში გერმანია უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე ყოყმანობდა, თუმცა, მისივე თქმით, ახლა სასწრაფოდ საჭიროა, რომ უკრაინას შემოდგომაზე დამატებითი სამხედრო დახმარება გაუწიონ, რათა მათ თავის დაცვა შეძლონ.

ბერბოკმა ასევე განაცხადა, რომ ომის დასაწყისში მათ მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების საკითხის გადაუჭრელობა და Nord Stream 2-ის გაზსადენი იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებმა გერმანიის მიმართ ნდობა დაკარგეს.

"არ გავითვალისწინეთ ჩვენი ბალტიისპირელი და აღმოსავლეთ ევროპელი მეგობრების შიში. ჩვენ გვჭირდება ახალი ევროპული და აღმოსავლეთ ევროპული პოლიტიკა". - ამბობს ბერბოკი.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ გერმანიამ გაზსადენი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის სერტიფიცირება შეაჩერა.  

კომენტარები