სირია

აშშ-მ სირიაში ირანის მხარდაჭერილ შეიარაღებულ დაჯგუფებებზე იერიში მიიტანა

ამერიკული F-15E ოპერაცია Inherent Resolve-ზე, 2017 წელი.
Staff Sgt. Michael Battles

აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გასცა ბრძანება, სირიაში იერიში მიეტანათ ირანის მხარდაჭერილ ჯგუფებზე, ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში აშშ-ს სამხედროების ბაზის მიმდებარედ რაკეტების ჩამოვარდნიდან თითქმის ერთი კვირის შემდეგ. აშშ-მ საჰაერო თავდასხმა 23 აგვისტოს განახორციელა.

აშშ-მ იერიში სირიის დაირ-ელ-ზავრის რეგიონში მიიტანა. სამიზნე ირანის რევოლუციური გვარდიის კორპუსთან კავშირში მყოფი ჯგუფების ინფრასტრუქტურა იყო.

"ამ ზუსტი დარტყმების მიზანი არის აშშ-ს ძალების დაცვა ირანის მხარდაჭერილი ჯგუფების მიერ აშშ-ს სამხედროებზე 15 აგვისტოს მსგავსი თავდასხმებისგან". – თქვა შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის სპიკერმა, პოლკოვნიკმა ჯო ბუჩინომ.

ბუჩინომ CNN-თან თქვა, რომ იერიში მიიტანეს ბუნკერებზე, რომლებიც განკუთვნილი იყო ტყვია-წამლის შესანახად და ლოჯისტიკური დახამარებისთვის. 

მისივე თქმით, 400 საათზე ხანგრძლივი დაზვერვის განმავლობაში აკვირდებოდნენ მთელი სისტემის 13 ბუნკერს. ბუჩინოს თქმით, იერიში მხოლოდ 11 მათგანზე უნდა მიეტანათ, რადგან არ იცოდნენ დანარჩენ 2 შენობაში ადამიანები იმყოფებოდნენ თუ არა. საბოლოოდ, იერიში მხოლოდ 9 ბუნკერზე მიიტანეს, რადგან კიდევ ორი სამხედრო ინფრასტრუქტურის მახლობლად ხალხის მცირე ჯგუფი იყო. 

ბუჩინოს თქმით, იერიშს მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიზანი ბუნკერების განადგურება იყო.

ამჟამად აშშ-ს სირიაში მხოლოდ 900-მდე სამხედრო ჰყავს.

კომენტარები