სპეციალური საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო დაკავებულია ოფიცერი

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცერი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დააკავა, რაც გულისხმობს მოხელის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას მისდამი დაუდევარი დამოკიდებულების გამო.

უწყების ცნობით, სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე ინტენსიურ რეჟიმში აგრძელებს გამოძიებას.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 20 აგვისტოს, ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში პატიმარ გ.ს.-ის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

სამსახურის განცხადებით, ბრალდებული დილის საათებში, სმენის გადაბარების დროს უკნიდან მიეპარა სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს, რომელსაც ამოაცალა სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და უმისამართოდ გაისროლა, რის შემდეგაც ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით მეორედაც გაისროლა. საგამოძიებოს ცნობით, 2 გასროლის შედეგად არავინ დაზარალებულა, თუმცა ბრალდებულმა შემდეგ იმავე იარაღიდან დაზიანება თავის არეში მიიყენა.

კომენტარები