თურქეთი-ისრაელი

თურქეთი და ისრაელი სრულ დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენენ

ისრაელი და თურქეთი სრულ დიპლომატიურ ურთიერთობას აღადგენენ და ელჩებს დააბრუნებენ, რითაც ქვეყნებს შორის დაძაბულობის ხანგრძლივი პერიოდი სრულდება.

"თურქეთთან ურთიერთობის აღდგენა რეგიონის სტაბილურობისთვის სწორი ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სიახლეა ისრაელის მოქალაქეებისთვის". - თქვა ისრაელის პრემიერმინისტრმა, იაირ ლაპიდმა.

ქვეყნებს შორის ურთიერთობების დალაგება მიმდინარე წლის დასაწყისში, ისრაელის პრეზიდენტის, იცხაკ ჰერცოგის თურქეთში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. ამას მოჰყვა მაისში ისრაელის ავიახაზების პირდაპირი ფრენების შესახებ მოლაპარაკებების განახლების დაპირება.

ამასთან ერთად, თურქეთის უმაღლესი დიპლომატი, მევლუთ ჩავუშოღლუ გახდა პირველი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც ისრაელს ბოლო 15 წლის განმავლობაში ეწვია.

ქვეყნებს შორის სიტუაცია რეჯეფ თაიფ ერდოღანის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, 2003 წლიდან დაიძაბა. განსაკუთრებით 2010 წლის შემდეგ, როდესაც ღაზას სექტორისკენ მიმავალი თურქული ფლოტი ისრაელის რეიდის დროს დაარბიეს, რის შედეგადაც 10 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

თურქეთი პალესტინელების მიმართ ისრაელის პოლიტიკას აკრიტიკებდა, ხოლო ისრაელი თურქეთს ჰამასის, ისლამური მებრძოლი ჯგუფის მხარდაჭერაში ადანაშაულებს.

კომენტარები