თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაქან ფიდანმა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ თურქეთს არ სურს სირიაში ისრაელთან კონფრონტაცია.
ბრიუსელში NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის პარალელურად მიცემულ ინტერვიუში ფიდანმა აღნიშნა, რომ ისრაელის ქმედებები სირიაში "მომავალი არასტაბილურობის საფუძველს ქმნის".
საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე თქვა, რომ "თუ დამასკოს ახალ ადმინისტრაციას ისრაელთან განსაზღვრული ურთიერთგაგება სურს, მაშინ ეს მათი საქმეა".
ირანის სამხედრო დარტყმების განხორციელების შესახებ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მუქარაზე, ფიდანმა აღნიშნა, რომ დავის მოსაგვარებლად დიპლომატიაა საჭირო რომ ანკარა არ ისურვებს, რომ მის მეზობელ ირანზე თავდასხმა განხორციელდეს.
მანამდე, ისრაელმა დამასკოს ახალი ხელისუფლების გაფრთხილების ნიშნად, სირიაში არსებულ სამხედრო ობიექტებზე იერიშები გააძლიერა და სირიის მოკავშირე თურქეთი ქვეყნის საკუთარ პროტექტორატში მოქცევის მცდელობაში დაადანაშაულა.
ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის თქმით, ბოლოდროინდელი იერიშები "ცხადი გზავნილი იყო და გაფრთხილება სამომავლოდ - ჩვენ არ დავუშვებთ, რომ ისრაელის სახელმწიფოს უსაფრთხოებას ზიანი მიადგეს".
ისრაელის იერიშებს გამოეხმაურა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც. საგარეო უწყების განცხადებაში ნათქვამია, რომ ისრაელმა სირია უნდა დატოვოს და ქვეყნის სტაბილიზაციის მცდელობებისთვის ხელის შეშლა შეწყვიტოს.
"შესაბამისად, იმისათვის, რომ რეგიონის მასშტაბით უსაფრთხოება იქნეს მიღწეული, ისრაელმა საკუთარი ექსპანსიონისტური პოლიტიკა უნდა მიატოვოს, დატოვოს ტერიტორიები, რომლებიც ოკუპირებული აქვს და შეწყვიტოს სირიაში სტაბილიზაციის მიღწევის მცდელობებისთვის ძირის გამოთხრა". - ნათქვამია თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაში.