შუალედური არჩევნები

პირველ ოქტომბერს სენაკში საკრებულოს შუალედური არჩევნები ჩატარდება

ცესკო

პირველ ოქტომბერს სენაკში მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები გაიმართება. არჩევნები საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, ვახტანგ წურწუმიას ადგილზე ახალი წევრის ასარჩევად ტარდება. წურწუმიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება საკუთარი მოთხოვნით 31 მაისს შეუწყდა.

წურწუმიას მიერ საკრებულოსთვის უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით მიმართვის შემდეგ ენმ-ში ამბობდნენ, რომ ვახტანგ წურწუმიაზე საკრებულოს დატოვების მიზნით ქართული ოცნების მხრიდან ზეწოლა, დაშინება და მოსყიდვა მიმდინარეობდა.

სენაკში შუალედური არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით №64.04 ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში, მხოლოდ სამ საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ სენაკის საკრებულოში უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა და თვითმმართველობის ორგანო მუდმივი ბოიკოტის რეჟიმში მუშაობდა. ამ ფონზე ოპოზიცია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ერთ მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების დანიშვნა უკანონოა.

პარტია საქართველოსთვის წევრის, ბერდია სიჭინავას თქმით, სენაკის საკრებულო არ შეკრებილა და ცნობად არ მიუღია საკრებულოს წევრის, ვახტანგ წურწუმიას უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ შესაბამისი განაცხადი. ამასთან, საკითხი არ გაფორმებულა საკრებულოს სხდომის საოქმო ჩანაწერით მაშინ, როდესაც ამას პირდაპირ ავალდებულებს თვითმმართველობის კოდექსი (მუხლი 43; პუნქტი 3).

"მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი უფლებამოსილების პირადი განცხადებით მოხსნის შესახებ წერილობით აცნობებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, მაშინ, როდესაც ეს საკითხი ოცნების მხრიდან სადავოდაა მიჩნეული და საქმე სასამართლოში განიხილება, შესაბამისი განცხადება საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე ფიზიკურად არ არსებობს (თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 43; პუნქტი 4).

საკრებულოს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება, თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება. (თვითმმართველობის კოდექსი, მუხლი 142). საკრებულოს ბოლო შეკრებიდან ოცნების ვერსიით და სადავო სხდომის თარიღიდანაც უკვე 6 თვეზე მეტია გასული, ასეთ შემთხვევაში 2023 წლის აპრილში უნდა ჩანიშნულიყო საკრებულოს ახალი არჩევნები მთელს მუნიციპალიტეტში, რაც ოცნების ინტერესებში არ შედის და ურჩევნია ერთ სამაჟორიტარო ოლქში, საკუთარი მომხრეების ამომრჩევლებად გადაწერით, შანტაჟით, მოსყიდვით, კრიმინალური სამყაროს ჩართულობით, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით ძალადობით მოიპოვოს მანდატი და შეცვალოს პოლიტიკური მოცემულობა და მოქალაქეთა არჩევანი". – წერს ბერდია სიჭინავა.

სენაკში შუალედური არჩევნების დანიშვნის ამგვარ შეფასებას გამოეხმაურა ცენტრალური საარჩევნო კომისიაც. ცესკო აცხადებს, რომ სენაკში არჩევნების დანიშვნა საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ზეწოლის, უსაფუძვლო ბრალდებების და მუქარის საბაბი ხდება, ხოლო პარტიას საქართველოსთვის დისკრედიტაციულ კამპანიასთან შეერთებაში ადანაშაულებს.

"სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ცესკოს შესაბამისი წერილით 1ივნისს მომართა და მასში აღნიშნული იყო რომ საქართველოს ორგანული კანონის ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი 43-ე მუხლის პირველი პუნქტის "ა" ქვეპუნქტისა და მე-4 პუნქტის შესაბამისად, სენაკის მუნიციპალიტეტის წევრს ვახტანგ წურწუმიას 2022 წლის 31 მაისიდან ვადამდე შეუწყდა სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილება.  შესაბამისად, ცესკოს გააჩნდა სრული სამართლებრივი საფუძველი და ვალდებულება კანონით დადგენილ ვადაში დაენიშნა თვითმმართველი თემის – სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შუალედური არჩევნები.

აქვე გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ კანონმდებლობის მიხედვით პირადი განცხადების საფუძველზე საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, ხდება ამ განცხადების წარდგენიდან მომდევნო დღეს და საკრებულოს მიერ ამ ფაქტის ცნობად მიღების ფაქტი, ასევე ის გარემოება თუ როდის მოხდა უფლებამოსილების შეწყვეტის ცნობად მიღება არ ცვლის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კონკრეტულ დღეს. ასევე, შუალედური არჩევნების დანიშვნისთვის საკრებულოს სხდომაზე ფაქტის ცნობად მიღება/არ მიღება არ წარმოადგენს ცესკოსთვის სავალდებულო იურიდიულ გარემოებას". – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

სენაკის საკრებულო ერთ-ერთია იმ 4 მუნიციპალიტეტის საკრებულოებს შორის, რომელშიც 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით მმართველ პარტიამ, ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა ვერ მოიპოვა. 2021 წლის დეკემბერში პარტია საქართველოსთვის წევრის, ილია ახალაიას მიერ საკრებულოს დატოვების შემდეგ თვითმმართველობის ორგანოში ოპოზიციისა და მმართველი პარტიის წარმომადგენელთა რაოდენობა გათანაბრდა, 16-16 გახდა, ხოლო სხდომის ჩასატარებლად 17 წევრის დასწრება იყო საჭირო. ამ დროიდან ქართული ოცნების ბოიკოტის გამო ვერ ხერხდებოდა საკრებულოში ილია ახალაიას ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობა.

ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის თანახმად, საკრებულოს უფლებამოსილება უწყდება და ვადამდელი არჩევნები ინიშნება, თუ საკრებულო ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ შეიკრიბება. თუკი 2022 წლის 3 ივნისამდე სენაკის საკრებულო ვერ შეიკრიბებოდა, ვადამდელი არჩევნები დაინიშნებოდა, თუმცა 2022 წლის მაისში საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის შეთანხმებით ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებებით, უფლებამოსილების ცნობისთვის საკრებულოს თანხმობა პროპორციული წესით არჩეულ ადგილმონაცვლესაც აღარ სჭირდება. ამ გზით სენაკში საკრებულოში ილია ახალაიას ადგილმონაცვლის უფლებამოსილების ცნობის პრობლემა მოიხსნა.

ენმ-ს წევრის, ვახტანგ წურწუმიას მიერ უფლებამოსილების ვადამდე მოთხოვნამ სენაკის საკრებულოში მდგომარეობა ისევ შეცვალა, რადგან ოპოზიციასა და ქართულ ოცნებას ისევ 16-16 წარმომადგენელი ჰყავთ. ვინაიდან წურწუმიამ მანდატი მაჟორიტარული წესით მოიპოვა, ცესკომ შუალედური არჩევნები დანიშნა.

კომენტარები