აშშ-ჩინეთი-ტაივანი

ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, ტაივანს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვია

REUTERS

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ, კუნძულს აშშ-ის კონგრესის დელეგაცია ეწვია. კონგრესის 5 წევრი, რომელთაც დემოკრატი სენატორი ედ მარკი ხელმძღვანელობს, ტაივანში ორშაბათამდე დარჩება

ტაივანის ამერიკული ინსტიტუტის განცხადებაში ნათქვამია, რომ დელეგაციის ვიზიტი ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონში ფართო მოგზაურობის ნაწილი იყო. 

ინსტიტუტის ცნობით, დელეგაცია ტაივანის ლიდერებთან განიხილავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა რეგიონული უსაფრთხოება, ვაჭრობა და ინვესტიციები. ასევე, ამერიკელი კონგრესმენები ორშაბათს პრეზიდენტ ცაი ინ-ვენის შეხვდებიან.

პარალელურად, ჩინეთი ეწინააღმდეგება ტაივანის ოფიციალური პირების ნებისმიერ ჩართულობას უცხო მთავრობებთან და პელოსის ვიზიტით სტატუს კვოს დარღვევაში ადანაშაულებს. აშშ ამტკიცებს, რომ არ შეცვლილა „ერთი ჩინეთის“ მიმართ მისი პოზიცია, თუმცა ეს არ გამორიცხავს ტაიპესთან არაფორმალურ ურთიერთობებსა და თავდაცვის საკითხებში კავშირის გაძლიერებას.

5 აგვისტოს ჩინეთმა გაგზავნა სამხედრო ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები ტაივანის გარშემო განათავსა. გუშინ, 4 აგვისტოს კი ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის პასუხად სამხედრო წვრთნები დაიწყო. 

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასროლილი რაკეტები იაპონიის წყლებშიც ჩამოვარდა. ტოკიომ ჩინეთს წვრთნების სასწრაფოდ შეჩერებისკენ მოუწოდა.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მსგავსად მოქმედებაში დაადანაშაულა - კიმ ჩენ ინის რეჟიმი ჯიუტად ცდის რაკეტებს სხვა ქვეყნების მახლობლად. 

წვრთნები 7 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით წვრთნების სივრცე შუაზე ყოფს იმ ტერიტორიული წყლების 19 კილომეტრიან სივრცეს, რომელსაც ტაივანი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაივანის წარმომადგენლების მიხედვით, მსგავსი მოქმედებები ტაივანის ზღვისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის ტოლფასია. 

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

პელოსის ტაივანში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თან სდევდა პეკინის უკმაყოფილება, რომელიც მუქარაში გადაიზარდა და გამაფრთხილებელი კომენტარების გავრცელება დაიწყო.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები