ესტონეთი-რუსეთი

რუსულმა ვერტმფრენმა ესტონეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

რუსული ვერტმფრენი ესტონეთის საჰაერო სივრცეში ნებართვის გარეშე შევიდა. ვერტმფრენმა საჰაერო სივრცე ესტონეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, სოფელ კოიდულას საკონტროლო პუნქტთან ახლოს დაარღვია. ამის შესახებ ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

"ესტონეთი მიიჩნევს, რომ ეს უკიდურესად სერიოზული და სამწუხარო ინციდენტია, რომელიც სრულიად მიუღებელია". - წერია სამინისტროს განცხადებაში.

აღნიშნული ინციდენტის გამო, 10 აგვისტოს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ურმას რეინსალუმ ესტონეთში რუსეთის ელჩი დაიბარა და საპროტესტო ნოტა გადასცა.

როგორც სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ, რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ მკაცრად დაგმო რუსეთის აგრესია უკრაინაში. აგრეთვე, ხაზი გაუსვეს, რომ რუსეთმა პატივი უნდა სცეს სხვა ქვეყნების სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საერთაშორისო სამართალს.

კომენტარები