ავტოსაგზაო შემთხვევა

ენ ჰეჩი მანქანით ორ შენობას დაეჯახა, მსახიობის მდგომარეობა მძიმეა

Fox News

ლოს-ანჯელესში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. მსახიობი ენ ჰეჩი თავისი Mini Cooper-ით ორ შენობას დაეჯახა.

ჰეჩი მაღალი სიჩქარით ჯერ ავტოფარეხს დაეჯახა, შემდეგ მანქანა ახლომდებარე სახლისკენ მიმართა. მეორე დაჯახების შემდეგ მანქანას ცეცხლი წაეკიდა. ადგილზე მისულმა მაშველებმა ჰეჩი ცეცხლწაკიდებული მანქანიდან გადმოიყვანეს. მსახიობი დამწვრობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმე, მაგრამ სტაბილურია.

ხანძრის შედეგად დაიწვა ასევე სახლიც, რომელსაც მსახიობი დაეჯახა, სახლის მეპატრონემ შინაური ცხოველების გამოყვანა მოასწრო. 

თვითმხილველების თქმით მსახიობი ორივეჯერ შენობებს განზრახ დაეჯახა. საქმეს პოლიცია იძიებს. შესაძლოა მსახიობი საჭესთან არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ენ ჰეჩი 90-იან წლებში ვარსკვლავი იყო. სახელი სერიალ Another World-მა მოუტანა. მონაწილეობდა ფილმებში Donnie Brasco, Volcano, I Know What You Did Last Summer, Six Days, Seven Nights. 2000 წელს მხოლოდ საცვლებში ჩაცმული ჰეჩი უცხო ადამიანის სახლში შევიდა და სახლის პატრონს, არაჩელი კამპიზს ერთი ჭიქა წყალი სთხოვა. შეშინებულმა კამპიზმა პოლიცია გამოიძახა, მსახიობი ფსიქიატრიულ კლინიკაში გადაიყვანეს, რომლიდანაც რამდენიმე საათში გამოწერეს. მოგვიანებით ჰეჩმა რამდენიმე ინტერვიუში განაცხადა რომ ბავშვობაში, მამის მხრიდან არაერთხელ იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ტრავმამ მძიმედ იმოქმედა მის მენტალურ ჯანმრთელობაზე.

კომენტარები