ქართული ოცნება

Poynter: ოპოზიციური მედია და ფაქტების გადამამოწმებლები ქართული ოცნების სამიზნეები გახდნენ

საერთაშორისო ფაქტების გადამამოწმებელთა ქსელის ჟურნალისტიკისა და კვლევის ორგანიზაცია, The Poynter Institute for Media Studies-ი წერს, რომ საქართველოში განვითარებული უკანასკნელი მოვლენების ფონზე, თვალსაჩინოა, რომ ქვეყნის მმართველმა პარტიამ მიზანში დამოუკიდებელი მედიასაშუალებები, არასამთავრობო ორგანიზაციები და ადგილობრივი ფაქტების გადამამოწმებლები ამოიღო.

"მიუხედავად იმისა, რომ ქართული დემოკრატია არასდროს ჰყვაოდა, ფაქტების გადამამოწმებელი ორგანიზაციები ამბობენ, რომ სიტუაცია ქვეყანაში ახლა განსაკუთრებით დაძაბულია". - ნათქვამია The Poynter Institute-ის გამოქვეყნებულ სტატიაში. 

სტატიაში ვკითხულობთ, რომ ოპოზიციური პარტიის საკვანძო ფიგურების, მათ შორის საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და ოპოზიციური საინფორმაციო არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებებმა სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა.

The Poynter Institute-ი წერს, რომ ქართულმა ოცნებამ Facebook-ზე ე.წ "ფაქტების გადამოწმების" გვერდი და ფსევდონომით Facebook-ის ანგარიშების ქსელი შექმნა, რომელიც ძირითადად დამოუკიდებულ მედიასაშუალებებს, სამოქალაქო ორგანიზაციებსა და უცხოელ ელჩებს იღებს სამიზნეში. 

"მათ საკუთარი ფაქტების შემმოწმებელი პლატფორმაც კი შეიმუშავეს, სახელწოდებით "სინამდვილეში", რომელიც არღვევს ჩვენს სამუშაო პროცესს და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე, მას სიცრუეს უწოდებს. ფაქტია, რომ ჩვენ დემოკრატიის თვალსაზრისით, უკან ვიხევთ". - თქვა მედიის განვითარების ფონდის, MDF-ის აღმასრულებელმა დირექტორმა და საქართველოს ფაქტების გადამოწმების მთავარმა რედაქტორმა, თამარ კინწურაშვილმა.

The Poynter Institute-ი წერს, რომ შექმნილი პლატფორმის ერთ-ერთი სტრატეგია, რომელიც მმართველი პარტიის მთავარი სტრატეგიის გამოძახილია, ნებისმიერი ოპოზიციური ხმის სიძულვილის ჯგუფად გამოცხადებას, მათ დისკრედიტაციას ემსახურება. 

"მთავრობა ალტერნატიული ინსტიტუტების შექმნას ცდილობს. საუბარია არა პროფესიულ სტანდარტებზე დაფუძნებულ კრიტიკაზე, არამედ მმართველი პარტიის მიერ არაკონტროლირებადი მედიის განადგურებაზე". - დასძენს კინწურაშვილი.

კომენტარები