ჩინეთი-აშშ

ჩინეთმა ნენსი პელოსის სანქციები დაუწესა, ევროპელი ელჩები სამინისტროში დაიბარა

AP Photo/Eugene Hoshiko

ჩინეთმა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის გამო სანქციები დაუწესა. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების მიხედვით, პელოსიმ უგულებელყო ჩინეთის შეშფოთება და წინააღმდეგობის მიუხედავად, მაინც ეწვია კუნძულს. 

ჩინეთის განცხადებაში პელოსის ვიზიტი პროვოკაციულადაა შეფასებული, რაც, მათი შეფასებით, ძირს უთხრის ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.

ჩინეთის ცნობით, სანქციები დაუწესდება პელოსის და მისი ოჯახის წევრებს. უწყებას ჯერ არ განუმარტავს, რას გაითვალისწინებს სანქციები, თუმცა, როგორც წესი, მსგავსი შეზღუდვები სიმბოლურ ხასიათს ატარებს. 

მანამდე, ჩინეთმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ელჩები სამხედრო წვრთნების გაკრიტიკებისთვის საყვედურის გამოსაცხადებლად საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა. 

5 აგვისტოს ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ჩინეთმა გაგზავნა სამხედრო ხომალდები და საბრძოლო თვითმფრინავები ტაივანის სრუტის შუა ხაზის გასწვრივ და გადაკვეთეს არაოფიციალური ბუფერული ზონა ჩინეთსა და ტაივანს შორის.

გუშინ, სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის  ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაპირებთან 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა. ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აღნიშნა, რომ პეკინი ვერ მოახერხებს ტაივანის იზოლაციას და აღნიშნა, რომ "ვიზიტი ჩინეთმა, ალბათ, გასროლის საბაბად გამოიყენა". 

ჩინეთმა აღნიშნული სამხედრო წვრთნები აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის შემდეგ დაიწყო. 

იაპონიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასროლილი რაკეტები იაპონიის წყლებშიც ჩამოვარდა. ტოკიომ ჩინეთს წვრთნების სასწრაფოდ შეჩერებისკენ მოუწოდა.

ტაივანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მსგავსად მოქმედებაში დაადანაშაულა - კიმ ჩენ ინის რეჟიმი ჯიუტად ცდის რაკეტებს სხვა ქვეყნების მახლობლად. 

წვრთნები 7 აგვისტოს უნდა დასრულდეს. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთითა და სამხრეთით წვრთნების სივრცე შუაზე ყოფს იმ ტერიტორიული წყლების 19 კილომეტრიან სივრცეს, რომელსაც ტაივანი საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს. ტაივანის წარმომადგენლების მიხედვით, მსგავსი მოქმედებები ტაივანის ზღვისა და საჰაერო სივრცის ჩაკეტვის ტოლფასია. 

ნენსი პელოსი ბოლო 25 წელში ყველაზე მაღალი თანამდებობის ამერიკელია, რომელიც ტაივანს ეწვია. ამას გარდა, უკვე მრავალი წელია, რაც პელოსი პეკინის პოლიტიკას აქტიურად აკრიტიკებს. 

პელოსის ტაივანში მოსალოდნელი ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებას თან სდევდა პეკინის უკმაყოფილება, რომელიც მუქარაში გადაიზარდა და გამაფრთხილებელი კომენტარების გავრცელება დაიწყო.

ჩინეთის კომუნისტური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის ყოფილი მთავრობის წარმომადგენლები კუნძულ ტაივანზე გაიქცნენ, სადაც ადგილობრივებთან ერთად, ფაქტობრივად, ახალი სახელმწიფო დააარსეს, რომელზეც კომუნისტური ჩინეთის გავლენა არ ვრცელდებოდა. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ტაივანს, რომელსაც ოფიციალურად ჩინეთის რესპუბლიკა ჰქვია, საკუთარ ტერიტორიად აღიქვამს და მისი შემოერთება სურს. პეკინში არაერთხელ გაჟღერებულა კუნძულის ძალის გამოყენებით შემოერთების შესაძლებლობა. 

ჩინეთი კუნძულს თავის ტერიტორიად მიიჩნევს. "ერთი ჩინეთის" პოლიტიკა მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობაში.

კომენტარები