ინფლაცია

15 აგვისტოდან სამომხმარებლო სესხები მაქსიმუმ 3 წლით გაიცემა – სებ-ის გადაწყვეტილება

საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი გადაწყვეტილებით სამომხმარებლო სესხები მაქსიმუმ 3 წლის ვადით გაიცემა. სებ-ის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, მიზანი ფიზიკური პირების "დაკრედიტების ტემპის შენელებაა". სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადა დღეის მდგომარეობით 4 წლით არის განსაზღვრული. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თქმით, სიახლე 15 აგვისტოდან ამოქმედდება და ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში. გვენეტაძე აღნიშნავს, რომ სებ-მა ეს გადაწყვეტილება სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით მიიღეს. ცვლილება ყველა კატეგორიის სამომხმარებლო სესხს შეეხება.

“სამომხმარებლო დაკრედიტების შენელებისთვის ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, გამოვიყენოთ მაკროპრუდენციული ინსტრუმენტი და ეს ინსტრუმენტი არის სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის 4 წლიდან 3 წლამდე შემცირება. როგორც მოგეხსენებათ, 2019 წელს ფიზიკური პირების პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ჩარჩო ამოქმედდა, რამაც შეაჩერა სესხების ჭარბი ზრდიდან მომდინარე ფინანსური სტაბილურობის რისკები და ამავე დროს ხელი შეუწყო სესხების უფრო პროდუქტიულ სექტორებში გადამისამართებას.

მიმდინარე პერიოდში სამომხმარებლო სესხების ჭარბი ზრდის ინფლაციაზე დამატებითი ზეწოლის შემცირების მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ სამომხმარებლო სესხების მაქსიმალური ვადის შემცირება. ამ ცვლილების გავლენის გაანალიზების და საბანკო სექტორთან განხილვის შემდეგ, მივიღეთ გადაწყვეტილება მაქსიმალური ვადის 3 წლამდე შემცირების შესახებ. ეს ცვლილება ძალაში 15 აგვისტოდან შევა და ამ ეტაპზე, ერთი წლის განმავლობაში იქნება ძალაში,” - განაცხადა კობა გვენეტაძემ.

კომენტარები