ქართული ოცნება

კალაძე ივანიშვილის დეპუტატებზე: ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, პრობლემა არ გვექნება

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, თუ ქართული ოცნებიდან წასული დეპუტატები ახალ პოლიტიკურ პარტიას შექმნიან, ისინი მმართველ გუნდს ამომრჩეველს ვერ წაართმევენ.

"ყველა პოლიტიკოსი თავის გადაწყვეტილებას იღებს, თუ როგორ უნდა იმოქმედოს და რა უნდა გააკეთოს ცხოვრების შემდეგ ეტაპზე. შესაბამისად, მათ გადაწყვეტილებაზე მე გამიჭირდება საუბარი. რაც შეეხება ჩვენს მხარდამჭერებს. ქართულ ოცნებას ერთგული ამომრჩეველი ჰყავს. ქართულ ოცნებას ჰყავს ძალიან დიდი მხარდამჭერები, ადამიანები, ვინც იმ პოლიტიკას, მშვიდობის პოლიტიკას იზიარებენ, რომელსაც დღევანდელი ხელისუფლება ატარებს. შესაბამისად, მგონია, რომ ამომრჩევლის წართმევის თვალსაზრისით, ქართულ ოცნებას პრობლემა არ ექნება". - ამბობს დედაქალქის მერი ჟურნალისტებთან საუბრისას.

ქართული ოცნებიდან ფორმალურად წასულმა ბიძინა ივანიშვილის დეპუტატებმა სამოქალაქო მოძრაობა - ხალხის ძალა დააფუძნეს

სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და უკვე გურამ მაჭარაშვილი წერილში აღნიშნავენ, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველო სერიოზული გამოწვევების წინაშე დგას. მათი თქმით,  მიუხედავად იმისა, რომ ომის საფრთხის მთავარი ფაზა ქვეყანამ უკვე გადალახა, ეს საფრთხე კვლავაც აქტუალურია, რაც ნიშნავს, რომ ქვეყნის დასაცავად სრული მობილიზაციაა საჭირო. 

დეპუტატები აგრეთვე აცხადებენ, რომ მათ მიერ დაფუძნებული მოძრაობის უმთავრესი მიზანი "საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად საზოგადოების სიმართლით აღჭურვა იქნება" და საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიადაც გარდაიქმნებიან.

კომენტარები