WizzAir

ქუთაისის აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი დაბრუნდა

დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში უნგრულმა ავიაკომპანია Wizz Air-მა მეორე ბაზირებული საჰაერო ხომალდი დააბრუნა და ესტონეთისა და საფრანგეთის მიმართულებით ფრენები განაახლა. პირველ აგვისტოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ტალინის მიმართულებით პანდემიის შემდეგ პირველი პირდაპირი რეგულარული რეისი შესრულდა. 

ესტონეთის დედაქალაქში პირდაპირი რეგულარული რეისები ქუთაისიდან კვირაში ორჯერ შესრულდება. პარიზის მიმართულებით კი, თავდაპირველად, კვირაში ერთხელ. 

აეროპორტების გაერთიანების დირექტორის, თამარ არჩუაძის თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში Wizz Air-ის მეორე ბაზირებული ხომალდი საშუალებას იძლევა, ახალი მიმართულებების გარდა, ფრენის სიხშირეები გაიზარდოს უკვე არსებულ მიმართულებებზე.

"მგზავრთნაკადის მატებასთან ერთად საჭირო იქნება აეროპორტში მეტი ხალხის დასაქმება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი, როგორც ავიაკომპანიისთვის, ისე აეროპორტისთვის. რაც ასევე მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკისთვის და ამ შემთხვევაში, კონკრეტულად იმერეთის რეგიონისთვის" - ამბობს არჩუაძე. 

უკვე ცნობილია, რომ ფრენის სიხშირეები გაიზრდება ათენის, ბერლინის, ბარსელონის, რიგის, დორტმუნდის, მემინგენის, მილანის, პრაღის, სალონიკის და ვროცლავის მიმართულებით. 

2022 წლის 6 თვის მონაცემებით, Wizz Air ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ჯამურად 255 310 მგზავრს მოემსახურა და გადაყვანილი მგზავრების ოდენობის მიხედვით საქართველოს ავიაბაზრის ლიდერია. 


პანდემიის გამო, Wizzair-ს საქართველოში ფრენები წელიწადზე მეტ ხანს ჰქონდა შეწყვეტილი. მაშინ, როცა ქვეყანა "მწვანე ზონაში" იყო, ავიაკომპანიას საქართველოს მთავრობა არ აძლევდა ფრენის უფლებას და აცხადებდა, რომ ქვეყანა ამისთვის მზად არ იყო. ამის გამო, Wizzair-მა ქვეყანაში ბაზა დროებით დახურა.

საქართველო დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიებისთვის ფრენის უფლების მისაცემად მზად მხოლოდ მას შემდეგ აღმოჩნდა, რაც ქვეყანაში ინფიცირების დღიურმა მაჩვენებელმა 1 000-ს გადააჭარბა, ხოლო იმ ქვეყნებმა, სადაც საქართველოს მოქალაქეს უპირობოდ შეეძლო შესვლა, კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, "არააუცილებელი მიზნით" მოგზაურ საქართველოს მოქალაქეებს საზღვრები ჩაუკეტა.

საბოლოოდ, Wizzair-მა საქართველოში ფრენები 2021 წლის 18 აპრილს განაახლა - ვარშავის და ვილნიუსის მიმართულებით, მაისიდან - რიგის, დორტმუნდის, კატოვიცეს და გდანსკის რეისები დაემატა, ივნისიდან კი - ვროცლავი და ბუდაპეშტი. 1-ელი ივლისიდან ქუთაისის აეროპორტში Wizzair-პირველი ბაზა დაბრუნდა და ფრენები განახლდა კიდევ ექვსი მიმართულებით - მილანი, ათენი, პრაღა, სალონიკი, ლარნაკა, მემინგენი.

კომენტარები