ჰაიტი

UN: ჰაიტიზე 10 დღეში შეირაღებული დაჯგუფებების დაპირისპირების შედეგად 209 ადამიანია მოკლული

გაეროს ცნობით, ჰაიტის დედაქალაქში, პორტ-ო-პრენსში 10 დღეში შეიარაღებული დაჯგუფებების დაპირისპირებების შედეგად 200-ზე მეტი ადამიანია მოკლული.

ორგანიზაციის მონაცემებით, 8 ივლისიდან 17 ივლისის ჩათვლით, ორმხრივ სროლებს 209 ადამიანი ემხვერპლა, მათგან 114 დაჯგუფებების წევრები იყვნენ, დაღუპულთა თითქმის ნახევარი კი მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, რომლებსაც განგსტერულ გაერთიანებებთან კავშირში არ ჰქონდათ. ადგილობრივების თქმით, მუდმივი სროლების გამო მათ სასმელ წყალსა და საკვებზე წვდომა აღარ აქვთ, რადგან მიწოდება ვერ ხერხდება.

შეირაღებული დაჯგუფებები G9 და G-Pèp ერთმანეთს დედაქალაქის ერთ-ერთ რაიონზე კონტროლის დასამყარებლად ებრძვიან. გაერთიანებებს შორის დაპირისპირებამ ახალ მასშტაბებს 8 ივლისიდან მიაღწია.

აღსანიშნავია, რომ ჰაიტიზე დაჯგუფებებს შორის დაპირისპირება გასულ წელს, ქვეყნის პრეზიდენტის მკვლელობის შემდეგ გახშირდა.

2021 წლის 7 ივლისს შეიარაღებული პირები, მათ შორის ესპანურენოვანები, ჰაიტის პრეზიდენტის, ჟოვენელ მოიზის რეზიდენციაში შეიჭრნენ, ისროლეს და მას სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. პრეზიდენტი ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა.

ჰაიტის პოლიციის თქმით, პრეზიდენტი ჟოვენელ მოიზის მკვლელობაში მონაწილეობა 28-კაციანმა უცხოელ დაქირავებულ მებრძოლთა დაჯგუფებამ მიიღო. ამ ბრალდებით პოლიციამ 17 პირი დააკავა.

კომენტარები