რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკი: უკრაინას $10 მილიარდის ღირებულების მარცვლეულის ექსპორტზე გატანა შეუძლია

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ამჟამად დაახლოებით $10 მილიარდის ღირებულების მარცვლეულის ექსპორტზე გატანა შეუძლია. ასევე, მიწოდების აღდგენასთან ერთად, კიევი მიმდინარე მოსავლის გაყიდვასაც შეძლებს.

"ეს არის კიდევ ერთი დემონსტრაცია იმისა, რომ უკრაინას შეუძლია, ომს გაუძლოს.

გასული წლის მარცვლეულის დაახლოებით 20 მილიონი ტონა ექსპორტზე გავა. ასევე, შეთანხმების პირობების შესრულების შემთხვევაში, ჩვენ გვექნება წლევანდელი მოსავლის გაყიდვის შანსი. ამ დროისთვის, უკრაინას დაახლოებით $10 მილიარდის ღირებულების მარცვლეულის მიწოდება შეუძლია". - თქვა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას. 

ზელენსკი აღნიშნავს, რომ გაეროსა და თურქეთის შუამავლობით გაფორმებული შეთანხმება არის შანსი, რომ გლობალური სასურსათო კატასტროფა, რომელიც ბევრ ქვეყანაში ქაოსს გამოიწვევს, მსოფლიომ თავიდან აიცილოს.

"შესაძლოა, ამას რუსეთის მხრიდან პროვოკაციები მოჰყვეს, უკრაინისა და საერთაშორისო ძალისხმევის დისკრედიტაციის მცდელობები.. მაგრამ, ჩვენ [უკრაინა] გაეროს ვენდობით". - დასძინა ზელენსკიმ. 

22 ივლისს მხარეებმა უკრაინის პორტების განბლოკვისა და მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, უკრაინა ქვეყნიდან დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეულის ექსპორტზე გატანას შეძლებს

გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის სიტყვებით, შეთანხმება, რომელსაც ხელი რუსეთმა, უკრაინამ, გაერომ და თურქეთმა მოაწერეს, ომში "იმედის შუქურაა". თუმცა, გუტერეში აღნიშნავს, რომ მიუხედავად შეთანხმებისა, წინარე პროცესი საკმაოდ რთული და გრძელვადიანი იყო. 

კომენტარები