რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

კირბი: რუსეთი ცდილობს უკრაინაში 2014 წლის ანექსიის სახელმძღვანელო გამოიყენოს

პენტაგონის სპიკერი, ჯონ კირბი

პენტაგონის სპიკერის, ჯონ კირბის თქმით, რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე "ანექსიის სახელმძღვანელოთი" 2014 წლის სცენარის გამეორებას გეგმავს და ტერიტორიებზე მისი მარიოტენების მეშვეობით რეფერენდუმების ჩატარებას.

"რუსეთი ცდილობს მიმართოს ანექსიის სახელმძღვანელოს, ძალიან მსგავსი იმის, რაც ვიხილეთ 2014-ში. რუსეთს არ დაუსახელებია რეფერენდუმის თარიღი, თუმცა ამ ტერიტორიებზე რუსეთის მარიონეტები ამბობენ, რომ რეფერენდუმებს ადგილი მიმდინარე წლის განმავლობაში ექნება, შესაძლოა კავშირში იყოს სექტემბერში რუსეთის რეგიონალურ არჩევნებთან". – თქვა კირბიმ.

19 აპრილის დადგომასთან ერთად, რუსეთის სამხედრო ძალებმა დონბასში, აღმოსავლეთ უკრაინაში ინტენსიური თავდასხმები წამოიწყეს და ომის ახალ ეტაპზე გადავიდნენ. 

როგორც უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, დაწყებულია ომი დონბასისთვის.

როგორც რუსეთის შეიარაღებულ ძალებში ამბობენ, მათი მიზანია სრული კონტროლი მოიპოვონ დონბასსა და სამხრეთ უკრაინაზე, რათა ყირიმსა და მოლდოვის ოკუპირებულ ტერიტორიას, დნესტრისპირეთს სახმელეთო დერეფნით დაუკავშირდნენ.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო.

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

უკრაინაში შეჭრის პარალელურად, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

 

კომენტარები