რუსული კანონი

ვილოცოთ, როგორც არასოდეს გვილოცია – მეუფე მალხაზ სონღულაშვილი

რუსული კანონი

ვილოცოთ, როგორც არასოდეს გვილოცია – მეუფე მალხაზ სონღულაშვილი

მარტინ ლუთერ კინგი ამბობდა: "სამყაროს ვექტორი სამართლიანობისკენ არის მიდრეკილი", რაც იმასა ნიშნავს, რომ ადამიანი სამართლიანობას ესწრაფვის, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად. ხოლო იმისათვის, რომ ამ სწრაფვამ ხორცი შეისხას,  სამართლიანობის შენებაში უკლებლივ ყველა თაობამ უნდა მიიღოს მონაწილეობა. ამის გარეშე არ არსებობს არც თავისუფლება, არც დემოკრატია, არც მრავალფეროვნების დაფასება, არც ძმობა და არც ერთობა.

ის, რაც ახლა ჩვენს დედაქალაქსა და ჩვენს ქვეყანაში ხდება, დიახაც, რომ ბრძოლაა სამართლიანობისათვის:

ყველაზე საუკეთესო, რაც ჩვენ დღესა გაგვაჩნია, როგორც ქვეყანას, კულტურას, ადამიანთა ერთობას, ეს არის თავისუფლებაში გაზრდილი ახალგაზრდობა, რომელიც სრულად არის ჩაბმული სამართლიანობის შენებაში. მათი უძლეველი იარაღია გულწრფელობა, სიალალე და სიყვარული. თითოეულ მათგანს ყველანი თვალის ჩინივით უნდა გავუფრთხილდეთ.

ჰოდა, ამიტომ უსამართლობაზე კიდევ უფრო დიდი უსამართლობაა ჩვენი ახალგაზრდობის დემონიზება: მისი დაჩაგვრისა და გაშავების მცდელობა.

გარდა ამისა, უსამართლობაა მათი ხმების შეუსმენლობა და მათ წუხილებზე ყურის მოყრუება და თვალების დახუჭვა.

ასევე უსამართლობაა, როცა დიდსა და პატარას ნაცარს გვაყრიან თვალში და უტიფრად გვარწმუნებენ, რომ შავი თეთრია და თეთრი - შავი. როგორც ამას ძველები იტყოდნენ: მაწონი შავია და კამეჩი - თეთრი. 

უსამართლობაა, რომ სამშობლოს სამსახურში დამაშვრალსა და სამშობლოს საზღვრების ჯიუტად დამცველ ადამიანს ცემა-ტყეპით უსწორდებიან თავისიანები და  თავ-პირს უერთიანებენ.

უსამართლობაა, როცა ახალგაზრდას უსაფუძვლოდ ციხეს ახეხინებ და რამოდინიმე დღეში თავისუფლებაზე გამოსულს დასტაცებ ხელს და დაიჭერ. რისთვის? სამშობლო რომ უყვარს, ამისთვის?

უსამართლობაა, როცა აკეთებ იმას, რაც მოყვარეს გულსა სტკენსა და შენი მტრისას ახარებს. რატომ?

უსამართლობაა, როცა ქალებს, დედებს თმებით ათრევინებ ქუჩაში იმათ, ვისაც ამავე ქალების დასაცავად, ამ ქალების ჯიბიდან ამოღებული ფულით უხდი ჯამაგირს. ეს რა სიშლეგეა?

უსამართლობაა, როდესაც შენი ხალხის მრავალსაუკუნოვანი და სანუკვარი ოცნების აღსრულებას - იყოს თავისუფალი, გალაღებული, დემოკრატიული, თანასწორი - გველეშაპივით წინ ეღობები. რატომ გინდა შენი შვილების მომავალს ძირი გამოუთხარო? რატომ?

უსამართლობაა, როცა თავისუფლებაზე შეყვარებულ გოგო-ბიჭებს იმის მაგივრად, რომ მადლობას ეუბნებოდე და გულში იკრავდე, ხელკეტებით დასდევ, ტყვიებს უშენ და წიწაკის სპრეით უმასპინძლდები. ოჯახში არ გაიზარდე? სიყვარული და ადამიანის თანაგრძნობა  არავინ გასწავლა? 

უსამართლობაა, როცა სამართლიანობის დასაცავადა ხარ დადგენილი და სამართალს ამრუდებ. რატომ ვერ ჩერდები? რატომ ვერ ხედავ ზღვარს, რომელსაც არ უნდა გადახვიდე?

უსამართლობაა ისიც, საკუთარ თავს არწმუნებ, რომ ეს უსამართლობა სამართლიანობაა! ცოდო ხარ, ამას რატომ უკეთებ საკუთარ თავს?

ყველამ უნდა იცოდეს: ამ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში, უმჯობესია დაჩაგრული იყო, ვიდრე სხვასა ჩაგრავდე!

სჯობია, გცემდნენ სამართლიანობისთვის, ვიდრე სცემდე უსამართლოდ.

სჯობია, ტელეფონით გემუქრებოდნენ (აზერბაიჯანული და თურქული ნომრებიდან) და სადარბაზოში გისაფრდებოდნენ, ვიდრე შენ ემუქრებოდე ვინმეს და შენ უსაფრდებოდე.

სჯობს, შენს რეპუტაციას აშავებდნენ, ვიდრე შენ აშავებდე სხვისა რეპუტაციას.

სჯობია, თავისუფლების ძახილში ყელი გქონდეს ჩახლეწილი, ვიდრე გატრუნული იყო და   უყურებდე შენი შვილები და და-ძმები როგორ ჩაგრავენ შენს შვილებსა და და-ძმებს.

სჯობია, ჩაგრულის მხარეს იყო და რამე დაკარგო, ვიდრე მჩაგვრელის მხარეს იყო და ამით ხეირი ნახო.

სჯობია, ყინულივით ცივი ჭავლის ქვეშ იდგე და წიწაკის სპრეის ისუნთქავდე, ვიდრე შენ ასხამდე სხვას წყლის  ჭავლსა და წიწაკის სპრეის.

რატომ? რატომ?? რატომ?? ნუთუ ეს ძნელი გასაგებია?!

იმიტომ, რომ   ღ მ ე რ თ ი ყ ო ვ ე ლ თ ვ ი ს ჩ ა გ რ უ ლ ე ბ ი ს   მ ხ ა რ ე ს ა ა   და არა მჩაგვრელების.

ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის ასე იქნება.

ღმერთი იმათ მხარესაა, ვინც სამართლიანობისათვის იბრძვის უანგაროდ და არა იმათ მხარეზე, ვინც სამართლიანობას ებრძვის ანგარების მიზნით.

ღმერთი იმათ მხარეს კი არაა, ვინც ადამიანს სალოცავის კარს უკეტავს, არამედ იმათ მხარეზე, ვისაც უკეტავენ.

რაც ახლა უნდა გითხრათ, შეიძლება მოგეჩვენოთ, რომ ამით ჩემს პროფესიულ მოვალეობას ვიხდი, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს ასე არ არის.

ჩემი სათქმელი, აი, ეს არის: სამართლიანობისათვის ბრძოლა ლოცვის გარეშე არ არსებობს. (გთხოვთ, ბოლომდე ჩაიკითხოთ ეს ტექსტი და ლოცვის რელიგიურ ალუზიას ნუ დააფრთხობინებთ თავს)

ლოცვა მარტო დაზეპირებული ლოცვების ჩამორაკრაკება არ არის. არც სალოცავებში მუხლებზე ხოხიალი არ არის მარტო.  ლოცვა არის სიმართლისათვის გარჯა, წვიმასა და სიცივეში კარში ყოფნა, ლოცვა არის თანადგომისა და შერიგებისათვის ბრძოლა, ლოცვა არის ნამდვილი მშვიდობისათვის სწრაფვა, ლოცვა არის ქუჩაში გამოსული ადამიანის გამხნევება, ჩვენ ოთხფეხ მეგობრებზე მზრუნველობა, რომლებიც რობოკოპებს უყეფენ და მომიტინგეებს ესარჩლებიან (ნეტა, ამათ საიდან იციან, ვის უნდა გამოესარჩლონ და ვისა არა?!)

აღდგომა ღამეს ყველანი ჩვენს ტაძრებში ვიხდიდით სააღდგომო ლიტურგიას, მაგრამ ყველაზე დიდი ლიტურგია იმ ღამეს გადაიხადეს ჩვენმა ახალგაზრდებმა რუსთაველის გამზირზე, სადაც სამშობლოსა და სამართლიანობის სიყვარულით  გაერთიანებული სრულებით განსხვავებული ადამიანები ერთად იდგნენ, ხელში სანთლები ეჭირათ და ერთად აგუგუნებდნენ საგალობლებს: სხვადასხვა ყაიდის ქრისტიანები, მუსლიმები, ებრაელები, ეზიდები… რელიგიურები, არარელიგიურები - ყველანი.

ახლა კი ნამდვილად მივადექი ჩემს მთავარ სათქმელს: ჩვენ ახლა ისე უნდა ვილოცოთ, როგორც არასდროს გვილოცია. უნდა ვილოცოთ, ვინც მლოცველები ვართ და ვინც მლოცველები არა ვართ.

ლოცვა არის სამართლიანობისთვის ბრძოლა. სამართალი პურს შეჭამს უსათუოდ. ყოველთვის ასე იყო, ყოველთვის ასე იქნება. გამხნევდით, გამაგრდით, გაძლიერდით სამართლისა და თავისუფლების სიყვარულში. ნუ დაიღლებით იმის კეთებაში, რის გამოც სიცოცხლე ღირს და ფასი აქვს.

უსამართლობა უკვე დანარცხებულია და დამარცხებულია. სამართლიანობისთვის ჩაგრული უკვე გამარჯვებულია.

გებრალებოდეთ ისინი, ვინც სამართლიანობას ეწინააღმდეგებიან და გთხოვთ,  მათზე გულს ნურასოდეს გაიბოროტებთ.

ისინი დაკარგული შვილები არიან, რომლებიც ზოგჯერ შინ ბრუნდებიან ხოლმე

კომენტარები