დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების მეთაურის, მაიკ უიგსტონის თქმით, ბრიტანეთის ავიაცია რუსეთთან პირდაპირი კონფლიქტისთვის მზად უნდა იყოს.
"ამისთვის მზად უნდა ვიყოთ და ეს, ჩემი აზრით, ევროპული უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი გაკვეთილია, რასაც [უკრაინაზე] თავდასხმისგან ვიღებთ". – უპასუხა უიგსტონმა Sky News-ის შეკითხვას, რამდენად შესაძლებელია, რომ სამეფო საჰაერო ძალები რუსეთის წინააღმდეგ პირდაპირ კონფლიქტში ჩაერთონ. მან ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი "მზარდად აგრესიული" ხდება.
უიგსტონის აზრით, რუსეთი ევროპისა და ბრიტანეთის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეა.
"ეჭვი არ მეპარება, რომ რუსეთი გაერთიანებული სამეფოსა და ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე მწვავე საფრთხეა, შეხედეთ მის ქცევას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ აქამდე საქართველოშიც". – აღნიშნა უიგსტონმა.
სამეფო საჰაერო ძალების მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ თუ დადგება დღე, როცა რუსეთი NATO-ს წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებას გადაწყვეტს, ბრიტანეთი ამისთვის მზად იქნება.
"ასე რომ, მზად უნდა ვიყოთ NATO-ს მოკავშირეების გვერდზე დასადგომად და NATO-ს ტერიტორიის დასაცავად, არამხოლოდ გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიის... ეჭვი არ მეპარება, რომ ეს ცხადი და ამჟამინდელი საფრთხეამ რომლისთვის მზადყოფნისთვისაც ვვარჯიშობთ. რა თქმა უნდა, ვიმედოვნებთ, რომ საქმე აქამდე არ მივა და შეკავება იმოქმედებს, მაგრამ თუ დადგება დღე, როცა რუსეთი NATO-ს ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიულ ქმედებას ჩაიდენს, ჩვენ მზად ვიქნებით". – თქვა უიგსტონმა.