ფულადი გზავნილები

ბელარუსი, ყირგიზეთი, რუსეთი – ქვეყნები, საიდანაც გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა

atmit.net

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (1262.6 ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

შემოსული გზავნილების 54% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 231.44 მილიონი დოლარი, რაც 492.2%-ით მეტია 2021 წლის ივნისთან შედარებით. ამასთან, რუსეთის გარდა კიდევ ექვსი ქვეყანაა, საიდანაც ფულადი გზავნილები მინიმუმ 100%-ით გაიზარდა.

ქვეყნები, საიდანაც ფულადი გზავნილები ყველაზე მეტად გაიზარდა: 

  1. ბელარუსი - 5.3 მლნ დოლარი (756%-იანი ზრდა);
  2. ყირგიზეთი - 6.97 მილიონი დოლარი (518.75%-იანი ზრდა)
  3. რუსეთის ფედერაცია - 231.44 მილიონი დოლარი (492.2%-იანი ზრდა);
  4. ტაჯიკეთი - 2.83 მლნ დოლარი (334.81%-იანი ზრდა);
  5. სომხეთი - 3.94 მლნ დოლარი (301.78%-იანი ზრდა).
  6. ყაზახეთი - 17.26 მლნ დოლარი (283.91%-იანი ზრდა);
  7. უზბეკეთი - 1.48 მლნ დოლარი (114.67%-იანი ზრდა);

ქვეყნები, საიდანაც გასულ თვეს საქართველოში ყველაზე მეტი თანხა გადმოირიცხა: 

  1. რუსეთის ფედერაცია - $231.44 მლნ;
  2. იტალია - $35.57 მლნ;
  3. აშშ - $27.66 მლნ;
  4. საბერძნეთი - $18.82 მლნ;
  5. ყაზახეთი - $17.26 მლნ;
  6. ისრაელი - $16.94 მლნ;
  7. გერმანია - $13.95 მლნ;
  8. თურქეთი - $8.44 მლნ;
  9. ყირგიზეთი - $6.97 მლნ;
  10. ბელარუსი - $5.3 მლნ;

2021 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსებაუცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით. 

კომენტარები