ფულადი გზავნილები

ივნისში საქართველოში შემოსული ფულადი გზავნილების 54% რუსეთის ფედერაციაზე მოდის

2022 წლის ივნისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 427.4 მლნ აშშ დოლარი (1262.6 ლარი) შეადგინა, რაც 111.7%-ით მეტია 2021 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

ეროვნული ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 98% იმ 24 ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა ივნისში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 23 ქვეყანაზე გასული წლის ივნისში მთელი ფულადი გზავნილების 92.5% მოდიოდა.

საქართველოში ივნისში შემოსული ფულადი გზავნილების 54% რუსეთის ფედერაციაზე მოდის - 231.44 მილიონი დოლარი. ეს 492.2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე. მეორე ადგილზე იტალიაა ($35.57 მლნ, მთლიანი მოცულობის 8.32%), მესამეზე - აშშ ($27.66 მლნ, მთლიანი მოცულობის 6.47%). მეოთხე და მეხუთე ადგილებს კი, საბერძნეთი ($18.82 მლნ, მთლიანი მოცულობის 4.4%) და ყაზახეთი ($17.26 მლნ, მთლიანი მოცულობის 4.04%) იკავებენ.

ათეულში ასევე არიან ისრაელი ($16.94 მლნ, მთლიანი მოცულობის 3.96%), გერმანია ($13.95 მლნ, მთლიანი მოცულობის 3.27%), თურქეთი ($8.44 მლნ, მთლიანი მოცულობის 1.98%), ყირგიზეთი ($6.97 მლნ, მთლიანი მოცულობის 1.63%) და ბელარუსი ($5.3 მლნ, მთლიანი მოცულობის 1.24%).


2021 წელს ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 2.3 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც ქვეყნის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

მსოფლიო ბანკის [WB] ინფორმაციით, საქართველო ფულად გზავნილებზე დამოკიდებული ქვეყნების რეიტინგში 21-ე ადგილზეა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილი უცხოეთში დასაქმებული ქართველების მიერ გამოგზავნილ თანხებზეა დამოკიდებული. 

სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ქვეყნის ეკონომიკის ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი ყველაზე მაღალი შედარებით დაბალშემოსავლიან ქვეყნებშია. 

მსოფლიო ბანკის რეიტინგში პირველ ადგილს ტონგა იკავებს, რომლის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 37.2% ფულად გზავნილებზე მოდის; 35.3%-ით მეორე ადგილზე სომალია; საერთაშორისო რეიტინგში მესამე ადგილს კი ყირგიზეთი იკავებს, მისი ეკონომიკის 31.3% ფულად გზავნილებზეა დამოკიდებული. 

აღსანიშნავია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ფულად გზავნილებზე დამოკიდებულების მაჩვენებელი 1%-ზე ნაკლებია, რაც იმაზე მიუთითებს, ქვეყნის ეკონომიკის მხოლოდ უმცირესი ნაწილი ივსება უცხოეთში დასაქმებული მოქალაქეების მიერ გამოგზავნილი ფულადი სახსრებით. 

კომენტარები