ისრაელი

ნეთანიაჰუ: ბაიდენს ვუთხარი, თუ ირანს ვერ შევაკავებთ, სამხედრო ვარიანტი უნდა გამოვიყენოთ

ჯო ბაიდენი და ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვედრა იერუსალიმში, 2022 წლის 14 ივლისი.
The Times of Israel

ისრაელის ყოფილი პრემიერმინისტრისა და ოპოზიციის ლიდერის, ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, მან აშშ-ს პრეზიდენტთან, ჯო ბაიდენთან შეხვედრის დროს ხაზი გაუსვა ირანის წინააღმდეგ სამხედრო გზების გამოყენების ვარიანტის არსებობის აუცილებლობას.

ბენიამინ ნეთანიაჰუს თქმით, სანქციები და თავდაცვითი სამხედრო მომზადებები საკმარისი არაა და "უნდა არსებობდეს სანდო თავდასხმითი სამხედრო ვარიანტი".

"მას ვუთხარი, რომ [ბირთვული] შეთანხმება არ ვარგა. მან იცის ჩემი პოზიცია... ვუთხარი, რომ სანდო სამხედრო ვარიანტის გარეშე, ირანს ვერ შევაჩერებთ. თუ ირანი არ იქნა შეკავებული, ეს სამხედრო ვარიანტი უნდა გამოვიყენოთ". – დაამატა ნეთანიაჰუმ.

ნეთანიაჰუმ გამოხატა იმედი, რომ აშშ-ს პოზიციაც მისი მსგავსი იქნება. მან დაამატა, რომ თუ კვლავ ხელისუფლების სათავეში დაბრუნდება, ის მზად იქნება ძალის გამოყენებისთვის.

"ნებისმიერ შემთხვევაში, ეს იქნება რასაც მე გავაკეთებ, თუ პრემიერმინისტრის პოსტს დავუბრუნდები". – აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

ჯო ბაიდენი ისრაელში ვიზიტის ფარგლებში პრემიერმინისტრისა და პრეზიდენტის გარდა ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. 

აზრს, რომ ირანთან დიპლომატია არ გაჭრის, ეთანხმება ამჟამინდელი პრემიერმინისტრიც, იაირ ლაფიდი.

პარალელურად, ირანის პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი ამერიკას რეგიონში კრიზისის შექმნის შემთხვევაში ხისტი პასუხით ემუქრება.

14 ივლისს, ახლო აღმოსავლეთში ვიზიტების ფარგლებში, იერუსალიმში აშშ-ს პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერმინისტრ იაირ ლაფიდთან გააფორმა ერთობლივი სტრატეგიული დეკლარაცია, რომელშიც აშშ პირობას დებს, რომ "ეროვნული ძალის ყველა ელემენტს" გამოიყენებს, რათა ირანს ხელი შეუაშალოს ბირთვული იარაღის შეძენაში.

"შეერთებული შტატები ხაზს უსვამს, რომ ამ პირობის განუყოფელი ნაწილია ვალდებულება - არასდროს მისცეს ირანს ბირთვული იარაღის შეძენის საშუალება და რომ მზადაა გამოიყენოს ეროვნული ძალის ყველა ელემენტი ამ შედეგის უზრუნველსაყოფად". – წერია დეკლარაციის ტექსტში.

ასევე, აშშ დებს პირობას, რომ რეგიონში ირანის პირდაპირი თუ ირიბი აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ წავა.

"შეერთებული შტატები ასევე ადასტურებს ვალდებულებას ითანამშრომლოს სხვა პარტნიორებთან ერთად, რომ დაუპირისპირდეს ირანის აგრესიისა და დესტაბილიზაციის ქმედებებს, იქნება ეს პირდაპირი თუ მარიონეტული და ტერორისტული ორგანიზაციების მეშვეობით, როგორიცაა ჰეზბოლა, ჰამასი და პალესტინური ისლამური ჯიჰადი". – წერია შეთანხმებაში. 


გასული წლის დასაწყისში ისრაელის შეიარაღებულ ძალების მეთაურმა, ავივ კოჰავიმ არმიას ირანზე თავდასხმის გეგმების შემუშევაბა უბრძანა. მან ეს პროცესი გასული წლის სექტემბერში დააჩქარა.

წვრთნები გაჭიანურებული ბირთვული მოლაპარაკებების ფონზე ტარდება. ამ ეტაპამდე ირანთან ვერ გაფორმდა ახალი ბირთვული შეთანხმება, რომელსაც ისრაელი ეწინააღმდეგება და თვლის, რომ ის თეირანს ბირთვულ იარაღზე მუშაობის შესაძლებლობას ვერ უზღუდავს. 

ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ბენი განცის თქმით, ირანს ბირთვული იარაღისთვის საჭირო მასალის მოგროვებამდე მხოლოდ რამდენიმე კვირა აშორებს და ასევე ისინი ასრულებენ მუშაობას 1000 თანამედროვე ცენტრიფუგაზე, რომლებიც საჭიროა ურანის გამდიდრებისთვის.

2021 წლის აპრილში, ქალაქ ვენაში ირანს, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს, გერმანიას, საფრანგეთს ევროკავშირს, რუსეთსა და ჩინეთს შორის დაიწყო საუბარი, თუ როგორ შეიძლებოდა 2015 წლის ბირთვული შეთანხმებისთვის დაბრუნება. ეს უკანასკნელი ამერიკამ, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2018 წელს დატოვა, რდაგან მიიჩნევდნენ, რომ ირანი შეთანხმებას არღვევდა და მსგავსი ფორმატი თეირანის ბირთვულ პროგრამას ვერ შეაჩერებდა. ამის შემდეგ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანს დამატებითი სანქციები დაუწესა.

ირანის ბირთვულ პროგრამას განსაკუთრებულ საფრთხედ აღიქვამს ისრაელის მხარე, რომელიც თვლის, რომ მოლაპარაკებები შედეგს ვერ მოიტანს და თეირანი მალე ბირთვულ იარაღს შექმნის. ბოლო ხანებში იერუსალიმი ირანზე თავდასხმისთვისაც ემზადებოდა.

კომენტარები