პოლიციელების ძალადობა

მეტროში შშმ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე დაკავებული ერთ–ერთი პოლიციელი გაათავისუფლეს

ისნის მეტროსადგურში შშმ არასრულწლოვნის ცემის საქმეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დაკავებული პოლიციელი, კახა ბაკაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდა. როგორც მისი ადვოკატი, ლაშა სტურუა ამბობს, მან გამოძიებასთან ითანამშრომლა, რაც სასამართლომ გაითვალისწინა.  

"იქიდან გამომდინარე, რომ მან სრულყოფილად ითანამშრომლა გამოძიებასთან, სასამართლომ გადაწყვიტა და მიიღო, ჩემი აზრით, ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც შეიძლებოდა მიეღო პირველ ეტაპზე. მან გამოიყენა ე.წ. დუმილის უფლება. ჩემთან კონსულტაციის შემდგომ მან საკუთარი ინიციატივით დაწერა განცხადება თანამშრომლობასთან დაკავშირებით. შევედით, ვითანამშრომლეთ ბოლომდე, სრულყოფილად და, შესაბამისად, სასამართლომ მიიღო ეს ტველაფერი მხედველობაში". – ამბობს ის ტელეკომპანია პირველთან ინტერვიუში.  

ადვოკატის ინფორმაციით, სასამართლომ ბაკაშვილი დამნაშავედ ცნო და მას თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით მიესაჯა, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად 1 წელი დაუდგინდა. 

დაზარალებულის ადვოკატი, საიას იურისტი, ჯანო ჭკადუა ამბობს, რომ გათავისუფლებული პოლიციელი ძალადობაში მონაწილეობას არ იღებდა, მათთვის მნიშვნელოვანი კი იყო, რომ სასამართლოს მის მიმართ გამამტყუნებელი განაცენი გამოეტანა. 

"მისი გათვაისუფლება მოხდა იმის გამო, რომ მას პროკურატურა ედავება ნაკლებად მძიმე დანაშაულს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, შესაბამისად, სასამართლომ მის მიმართ გამოიყენა პირობითი მსჯავრი, რაც გულისხმობს იმას, რომ 6 თვე პირობითი მსჯავრი და 1 წელი გამოსაცდელი ვადა ექნება. ეს არის ის ადამიანი, რომელიც უშუალოდ ძალადობრივ ქმედებაში არ იღებდა მონაწილეობას, არამედ შორიდან აკვირდებოდა მომხდარ ფაქტს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ სასამართლოს მის მიმართ გამოეტანა გამამტყუნებელი განაჩენი და ეს შედეგი დადგა კიდევაც. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს ასევე, რომ უშუალოდ ძალადობრივი ქმედების განმახორციელებელი პირი დასჯილ იქნეს უმკაცრესად". – ამბობს ის.  

2022 წლის იანვარში ისნის მეტროსადგურში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელი დააკავეს – დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.   

24 იანვარს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა. კონფლიქტი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მეტროს ესკალატორზე დაიწყო. ერთ-ერთმა პირმა პოლიციელისთვის სცადა ახსნა, რომ არასრულწლოვანი შშმ პირია. სოციალური მედიით გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის საუბარი მოქალაქესა და პოლიციელს შორის:

"მოქალაქე: ხელი გაუშვით
პოლიციელი: შენ ხომ გვიცნობ?
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია
პოლიციელი: მანდ უნდა იაროს მერე?
მოქალაქე:ყრუ-მუნჯია თქო
პოლიციელი: შენ ხომ ჭკვიანი ხარ? შენ ხომ გესმის? უნდა დაარიგო მერე
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია, რა უნდა ვუთხრა?
პოლიციელი: ეს ყრუმუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?
მოქალაქე: მიდი აალაპარაკე და მილიონს მოგცემ
პოლიციელი: მოდი, ეხლა უნდა ავალაპარაკო"

 

კომენტარები