პოლიციელების ძალადობა

"ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა, პოლიციელის აგრესია ამან გამოიწვია" – ნაცემი ბიჭის მეგობარი

ისნის მეტროსადგურში სამართალდამცველის მიერ ნაცემი არასრულწლოვანის მეგობარი ამბობს, რომ დაზარალებული მეტროს ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა, რამაც პოლიციელის გაღიზიანება გამოიწვია.  

"ჩემი მეგობარი ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდა და ამან გამოიწვია პოლიციელის აგრესია, რის შედეგადადც ხელით, წიხლით ფიზიკურად გაუსწორდა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩვენ რომ ვუთხარით, რომ ყრუ-მუნჯია და არ შეუძლია ლაპარაკი, მან გვითხრა, რომ აალაპარაკებდა და რა მეთოდით სცადა ალაპარაკება, თქვენც ნახეთ". - ამბობს ის მთავართან ინტერვიუში.  

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელია დაკავებული - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.  

"საპატრულო პოლიციის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად". - თქვეს სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურში.   

24 იანვარს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა. კონფლიქტი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მეტროს ესკალატორზე დაიწყო. ერთ-ერთმა პირმა პოლიციელისთვის სცადა ახსნა, რომ არასრულწლოვანი შშმ პირია. სოციალური მედიით გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის საუბარი მოქალაქესა და პოლიციელს შორის:

"მოქალაქე: ხელი გაუშვით
პოლიციელი: შენ ხომ გვიცნობ?
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია
პოლიციელი: მანდ უნდა იაროს მერე?
მოქალაქე:ყრუ-მუნჯია თქო
პოლიციელი: შენ ხომ ჭკვიანი ხარ? შენ ხომ გესმის? უნდა დაარიგო მერე
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია, რა უნდა ვუთხრა?
პოლიციელი: ეს ყრუმუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?
მოქალაქე: მიდი აალაპარაკე და მილიონს მოგცემ
პოლიციელი: მოდი, ეხლა უნდა ავალაპარაკო"

მომხდარს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო - უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება" და გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. 

კომენტარები