პოლიციელების ძალადობა

"ხელები გადამიტრიალეს და მცემესო, მარტო ყვირილი შეეძლო" – ნაცემი არასრულწლოვნის მამა

ტელეკომპანია პირველი

ისნის მეტროსადგურში ნაცემი არასრულწლოვნის მამა ტელეკომპანია პირველთან შვილის ნაამბობს ჰყვება, თუ როგორ შეიყვანა ის 2-მა პოლიციელმა ოთახში და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  

"დამიჭირეს, ხელები გადამიტრიალეს, შემიყვანეს და მცემესო. ორნი იყვნენ, როცა კაბინეტში შემიყვანეს, არაფრის გამოო. რომ მცემეს, შემდეგ გამიშვესო. ასეთი რამ როგორ შეიძლება? ეს არაადამიანობაა, როგორ შეიძლება ბავშვის, ყრუ-მუნჯის ცემა? ჩემი ამხანაგები იყვნენ და 6 ვიყავითო. ამას მარტო შეეძლო ეყვირა თავის ენაზე, შეიძლება, შეეშინდა რომ სცემეს, ქვა უნდა მესროლაო". - ამბობს ის. 

არასრულწლოვნის მეგობარი ამბობს, რომ სამართალდამცავის აგრესია ესკალატორის მოაჯირზე ჩამოჯდომას მოჰყვა.  

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ცემის საქმეზე 2 პოლიციელია დაკავებული - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ბრალდებებით.  

"საპატრულო პოლიციის ერთმა თანამშრომელმა არასრულწლოვანს რამდენჯერმე დაარტყა მუშტი თავის არეში და მოქაჩა თმაში. მიუხედავად არასრულწლოვნის მინიშნებისა, რომ იგი იყო სმენადაქვეითებული და არ ესმოდა საუბარი, პოლიციის თანამშრომელი აგრძელებდა გამეტებით მის ცემას. ძალადობის ფაქტს შეესწრნენ არასრულწლოვნის თანმხლები პირებიც. აღნიშნული ქმედებით არასრულწლოვანმა მიიღო დაზიანებები თავისა და სახის არეში, განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თავი იგრძნო დამცირებულად". - თქვეს სახელწმიფო ინსპექტორის სამსახურში.   

24 იანვარს ტელეკომპანია პირველმა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ პოლიციელმა ყრუ ახალგაზრდას სცემა. კონფლიქტი პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის მეტროს ესკალატორზე დაიწყო. ერთ-ერთმა პირმა პოლიციელისთვის სცადა ახსნა, რომ არასრულწლოვანი შშმ პირია. სოციალური მედიით გავრცელებულ ერთ-ერთ ვიდეოში ისმის საუბარი მოქალაქესა და პოლიციელს შორის:

"მოქალაქე: ხელი გაუშვით
პოლიციელი: შენ ხომ გვიცნობ?
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია
პოლიციელი: მანდ უნდა იაროს მერე?
მოქალაქე:ყრუ-მუნჯია თქო
პოლიციელი: შენ ხომ ჭკვიანი ხარ? შენ ხომ გესმის? უნდა დაარიგო მერე
მოქალაქე: ყრუ-მუნჯია, რა უნდა ვუთხრა?
პოლიციელი: ეს ყრუმუნჯია? რო ავალაპარაკო ეხლა?
მოქალაქე: მიდი აალაპარაკე და მილიონს მოგცემ
პოლიციელი: მოდი, ეხლა უნდა ავალაპარაკო"

მომხდარს გამოეხმაურა შინაგან საქმეთა სამინისტრო - უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ "კატეგორიულად მიუღებელია პოლიციელის მხრიდან ნებისმიერი ძალადობრივი ქმედება" და გენერალურმა ინსპექციამ ფაქტზე მოკვლევა დაიწყო. 

კომენტარები