საქართველო-ევროკავშირი

ბოკერია: ჩვენ გვაქვს დრო რეჟიმის ჩამოსაცილებლად, მაგრამ ეს არაა უსასრულო

ევროპული საქართველო

"ევროკომისიის ნაცვლად მე ან სხვა მოტივაციის დეტალებზე ვერ ვისაუბრებთ, ოღონდ მინდა ვთქვა, რომ ამაში ლოგიკაც არის. ეს დრო, რომელიც საქართველოს აქვს, რომ გააღწიოს ამ ჭაობიდან, არ არის ექვსი თვით შემოფარგლული". - ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიის გადაწყვეტილების თარიღის 2023 წლამდე ცვლილებას.

გიგა ბოკერიას თქმით, ეს პირველადი ტესტი უნდა ყოფილიყო და სრულიად არარეალური ტესტია ამ რეჟიმის ყოფნის პირობებში, რადგან სანამ ივანიშვილია, არსებითი პროგრესის 6 თვეში დემონსტრირებაზე საუბარი ზედმეტია, სრულიად არარელაური იყო, მერეც გვექნებოდა შანსი.

"ამიტომ ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის, კიდევ უფრო მკაფიოა, რომ ჩვენ გვაქვს დრო ამ რეჟიმის მშვიდობიანად, არჩევნების გზით ჩამოსაცილებლად, ოღონდ ეს დრო არ არის უსასრულო". - ამბობს გიგა ბოკერია.

ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2023 წლისთვის მოამზადებს.

17 ივნისს ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ რეკომენდაციის წარდგენის შემდეგ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დასახულ პირობებში აღნიშნული იყო, რომ ევროკომისია დააკვირდება საქართველოს პროგრესს დასახული პრიორიტეტების შესრულებაში და მასზე ანგარიშს 2022 წლის ბოლოსთვის წარადგენდა.

23 ივნისს ევროპულმა საბჭომ უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, ხოლო საქართველოს – არა. ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებისგან შემდგარმა ევროპულმა საბჭომ გაითვალისწინა 17 ივნისს ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებული რეკომენდაცია, რომელმაც საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად წინასწარი პირობები წაუყენა. ევროკომისიამ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭების პირობებს შორის დეოლიგარქიზაციაც შეიტანა.

კომენტარები