ბელარუსი

ბელარუსის სასამართლომ ჟურნალისტს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ბელარუსის სასამართლომ ჟურნალისტს სახელმწიფო ღალატის ბრალდებით 8 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პოლონური ტელევიზიის, Belsat TV-ს ჟურნალისტი, კატიარინა ანდრეიევა მინსკში 2020 წლის საპროტესტო აქციების გაშუქებისას დააკავეს და მას მასობრივი დაუმორჩილებლობის ორგანიზების ბრალდებით 2 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

ანდრეიევას პატიმრობაში ყოფნის დროს ბელარუსის პროკურატურამ ჟურნალისტის წინააღმდეგ ახალ საქმეზე გამოძიება წამოიწყო და მას სამშობლოს ღალატში დასდო ბრალი. სასამართლო პროცესი დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

ბელარუსის სამთავრობო მედია BelTa-ს ინფორმაციით, ანდრეიევა სასამართლომ სახელმწიფო საიდუმლოს გაცემაში სცნო დამნაშავედ.

2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები დაიწყო. ალექსანდრ ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყანას, 26 წელია, მართავს, ხმების 80%-ით თავი გამარჯვებულად გამოაცხადა. ქვეყანაში დაიწყო მასშტაბური საპროტესტო აქციები, ოპოზიცია ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვდა. აქციებზე  დააკავეს  ათიათასობით ადამიანი, მოკლულია, სულ მცირე, 7 დემონსტრანტი.

კომენტარები